ტვ პირველი კალაძეს კომპენსაციას ვერ გადაუხდის - რას აპირებს არხი?
30.11.2022
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "TV პირველს" და მის ჟურნალისტ, მაია მამულაშვილს, კახა კალაძის სასარგებლოდ, 15 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

არხს ასევე დაავალა უარყოფა თოქ-შოუს მსვლელობისას, წამყვანის ფრაზის — "კალაძემ 60 მილიონი ერთ-ერთი ტენდერიდან ჩაიდო ჯიბეში."

რა ხდება?

  • 2020 წლის 20 ივნისს, კახა კალაძემ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ტვ პირველისა და მაია მამულაშვილის წინააღმდეგ.
  • მერი არხს და ტელეწამყვანს ცილისწამისთვის ედავებოდა ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო — "კალაძემ 60 მლნ ერთ-ერთი ტენდერიდან ჩაიდო ჯიბეში" და ითხოვდა 100 00 ლარიან კომპენსაციას და ინფორმაციის უარყოფას.
  • "ტვ პირველი" უარყოფდა, რომ კალაძეს ცილი დასწამა და ამბობდა, რომ ტელეწამყვანმა ეთერში კალაძის მიმართ უკვე არსებული ბრალდებები მოიყვანა ციტატად.
  • მოსამართლე ზაალ მირუაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ "არხისა და მისი წამყვანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ტენდერთან დაკავშირებულ ფაქტსა და სხვაობას".

რატომ ვერ გადაიხდის არხი კომპენსაციას?

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ტვ პირველის ანგარიშებს ინკასო ადევს, შესაბამისად არხი კალაძეს თანხას "ვერანაირად ვერ გადაუხდის".

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების დოკუმენტის მიხედვით, ტვ პირველის ქონებას ინკასო 2021 წლის 20 ოქტომბრიდან ადევს "გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით."

"ალბათ, შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ კალაძე აღსრულების პოლიციას გამოაგზავნის, და წაიღებენ კამერას, კომპიუტერს, ან რაც მოეწონებათ 15 000 ლარის ღირებულების ფარგლებში — მაგიდას, სავარძელძელს. ან მაია მამულაშვილის სახლიდან წაიღებენ ტელევიზორს, ან მაცივარს. სხვა ფორმით აღსრულებას ვერ შეძლებენ", — ამბობს ნოდარ მელაძე. სასამართლო სარჩელის შეტანამდე კახალ კალაძეს არ მიუმართავს თვითრეგულირების ორგანოსთვის, რაც ნოდარ მელაძის შეფასებით, "მიზნად ისახავს არხის დასუსტებას ფინანსური სანქციების გზით".

"ეს არ არის ერთადერთი დავა, რომელიც არხის მიმართ ფინანსურ სანქციების დაკისრებას გულისხმობს. "ქართული ოცნება" და მათთან დაკავშირებული პირები - კობახიძის დედა, სიძე, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა ითხოვდა ჩვენი ჟურნალისტების ბინებისა და ანგარიშების დაყადაღებასაც. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ფინანსურად შეავიწროვონ ისედაც მძიმე ფინანსურ მდომარეობაში მყოფი კრიტიკული არხი." - ამბობს მელაძე.

მეტი ამ თემაზე: მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

ტვ პირველის იურისტი, თორინიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ არხი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ