გვარამიას საქმე: პოლიტიკური მოტივის უპირატესობა და სასჯელი — რა წერია სახალხო დამცველის დასკვნაში
09.12.2022

რა ხდება?

სახალხო დამცველის აპარატმა, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე, შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდება ევროპული სასამართლოს მიერ, მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით დანერგილი ტესტის მიხედვით უნდა შეფასდეს და დამარწმუნებელი პასუხი გაეცეს კითხვებს:

  • ხომ არ არსებობს საქმეში პოლიტიკური, ან სხვა უკანონო მოტივი, რომლითაც ხელისუფლებამ იხელმძღვანელა;
იქვეა განმარტებული, რომ პოლიტიკური მოტივის არსებობა არ გამორიცხავს საქმეში ლეგიტიმურ სამართლებრივ საფუძვლებს.
  • იმის განსასაზღვრად, დასძლევს თუ არა პოლიტიკური მოტივი შესაძლო კანონიერ მოტივს, აუცილებელია დადგინდეს, იყო თუ არა პოლიტიკური მოტივი ხელისუფლების მხრიდან.

რატომ არის ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი?

ომბუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ:
  • საქმეზე დასტურდება პოლიტიკური მოტივის უპირატესობა;
  • გვარამიას მიმართ ბრალდება არის დაუსაბუთებელი;
  • კერძო კომპანიის მენეჯერის დამნაშავედ ცნობა მოხდა დანაშაულისთვის, რომელიც არა სისხლისსამართლებრივი, არამედ, კორპორატიული სამართლის საკითხია.
  • გვარამიას მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს, ახალი კრიტიკული ტელევიზიის, "მთავარი არხის" დაარსება დააანონსა.

რა უნდა ვიცოდეთ საქმის შესახებ?

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნიკა გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდში ცნო:

1 - "რეკლამების ეპიზოდი"
სასამართლომ მიიჩნია, რომ:
  • გვარამიამ, "რუსთავი 2"-ის მართვისას, რეკლამის გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობების შეცვლით, კომპანიას უფრო მეტი შემოსავლის მიღების საშუალება არ მისცა.
  • ამისთვის შეეფარდა სასჯელი: 50 000-ლარიანი ჯარიმა.
2 - "მანქანის ეპიზოდი"

სასამართლომ მიიჩნია, რომ:
  • გვარამიამ, "რუსთავი 2"-ის სარეკლამო ეთერი 3 თვის განმავლობაში საბაზრო ფასზე ნაკლები ოდენობით გაყიდა პირადი დაინტერესების გამო, რომ სანაცვლოდ, რეკლამის განმთავსებელი კომპანიისგან მის მეუღლეს ავტომანქანა მიეღო.
ამისთვის შეეფარდა სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით.

რა პრობლემებს ხედავს ომბუდსმენის აპარატი სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

თავისუფლების აღკვეთა — რელევანტური ზომა?
ომბუდსმენის მიხედვით,
  • "რეკლამის ეპიზოდთან" დაკავშირებით, არათუ თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმის დაკისრებაც კი პრობლემური იქნებოდა.
  • სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ არ შეიძლებოდა სასჯელის სხვა სახის გამოყენება და რატომ იყო პროპორციული მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
სისხლისსამართლებრივი VS კორპორატიული სამართალი
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ნებისმიერი სამეწარმეო, ანუ, კორპორატიული გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი. შესაბამისად, მოსამართლეს განაჩენის მიღებისას უნდა დაესაბუთებინა, რა გამოარჩევდა ამ კონკრეტულ განსახილველ შემთხვევას სტანდარტული სამეწარმეო საქმიანობისგან და რატომ დადგა სისხლისსამართლებრივი შეფასების აუცილებლობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ:
  • აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სამართლებრივი პრაქტიკით, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი.
  • დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებსა და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს.

პოლიტიკური მოტივის უპირატესობა
სახალხო დამცველს, დოკუმენტში მოყვანილი აქვს ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები, რომელიც "ცალსახად ადასტურებს გვარამიას მენეჯმენტს დაქვემდებარებული ტელევიზიის შინაარსთან და საქმიანობასთან დაკავშირებულ ინტერესს". მაგალითად:

  • 2015 წელი — "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები "რ2"-ის საქმიანობის მიმართ, რომელსაც მაშინ გვარამია მართავდა:
"მცდელობას არ დავაკლებთ, რომ "რუსთავი 2"-ში განსხვავებული აზრი შევიდეს."
"გვინდა, შევცვალოთ დღის წესრიგი, რომელსაც დღეს „რუსთავი 2“ ადგენს“.
  • 2020 წელი — "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება:
"[…]გადაეცით ნიკა გვარამიას, წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან."
  • 2020 წელი — იუსტიციის ყოფილი და კულტურის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი:
"იუსტიციის სამინისტრომ, ჩემი ხელმძღვანელობით, ევროპულ სასამართლოში დაამარცხა ნიკა გვარამია და ის სწორედ ამ წარმატებული დავის შემდეგად იქნა განდევნილი "რუსთავი 2“-დან".

სახალხო დამცველს, დუკუმენტში არგუმენტად მოჰყვას ევროპის საბჭოსა და "Amnesty International"-ის ანალოგიური მიდგომები პოლიტპატიმრობის დეფინიციის შესახებ, რომლის მიხედვით:
  • პოლიტპატიმარია პირი, ვის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მისი პოლიტიკურად გამოხატული არაძალადობრივი აქტივობის გამო;
  • რომელსაც საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული;
  • ან შესაძლოა, ჩაიდინა დანაშაული, თუმცა, მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება ან გამოტანილი სასჯელი აშკარად უსამართლო იყო.

რა უნდა გვახსოვდეს გვარამიას წარსულიდან

კონტექსტისათვის, სახალხო დამცველი გვარამიას პოლიტიკურ საქმიანობასაც აღწერს.
  • 2003-2009 წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში, რამდენიმე მაღალ სახელმწიფო-პოლიტკურ თანამდებობას იკავებდა;
  • 2012 წლიდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გახდა "რუსთავი 2"-ის დირექტორი;
  • 2012 წელს, გვარამია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, შემდეგ გირაო შეეფარდა;
  • 2013 წელს კი, ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო;
  • 2014 წელს, "რუსთავი 2"-ში, მის სამუშაო ოთახში სავარაუდო ფარული თვალთვალის შესახებ ინფორმაცია და ჩანაწერები გავრცელდა და გამოძიებაც დაიწყო;
  • 2015-ში, მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა სარჩელით კომპანიის წილის დაბრუნება მოითხოვა, სასამართლომ კომპანიის წილი დააყადაღა და ნიკა გვარამიას უფლებამოსილების განხორციელება შეუზღუდა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე მითითებით. ეს სახალხო დამცველმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად შეაფასა;
  • 2017 წელს საქართველოს საერთო სასამართლოებმა "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა;
  • 2019 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა „რუსთავი 2“-ის საქმეში, რის შემდეგ ნიკა გვარამია გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.

ახალი ტელევიზია და ბრალის განახლება

მოსაზრებას საქმეში პოლიტიკური მოტივის არსებობის შესახებ, ომბუდსმენის დოკუმენტი მოვლენათა ქრონოლოგიითაც მიუთითებს.
  • 2019 წლის 20 ივლისს გამოძიება დაიწყო "რუსთავი 2"-ის 9%-იანიწილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის 2019 წლის 17 ივლისის განცხადების საფუძველზე.
  • 26 ივლისს, ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის, "მთავარი არხის" დაფუძნების შესახებ განაცხადა;
  • 9 აგვისტოს მას ბრალი წაუყენეს;

სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით:

  • პოლიტიკურ მოტივის უპირატესობას ადასტურებს გვარამიას მიმართ ბრალდების წარდგენა მას შემდეგ, რაც ახალი ტელევიზიის შექმნის გეგმის შესახებ განაცხადა.
  • ასევე, კანონიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ, პირის დამნაშავედ ცნობა, დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
  • ამასთან, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები ცალსახად ადასტურებს ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებისა და "მთავარი არხის" საქმიანობისგან ჩამოშორებით დაინტერესებას. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში კანონიერ მოტივთან შედარებით, პოლიტიკური მოტივი აშკარად უპირატესია.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ