14.12.2022
რიცხვებში:
საქართველოში, 2017-2022 წლებში:
- სულ დაიბლოკა 480 ვებგვერდი.
- ყველაზე მეტი — 200 გვერდი, დაიბლოკა წელს, 2022-ში.
ფოტო: ინფოგრაგიკა IDFI-ის კვლევიდან
კანონი:
გვერდის დაბლოკვის წინაპირობას კანონი განსაზღვრავს და მოტივი შეიძლება იყოს საჯარო წესრიგი, დანაშაულის თავიდან აცილება, საავტორო უფლება.მაგალითად, 2022 წელს, ვებგვერდების დაბლოკვის მაღალმა მაჩვენებელმა ასახა ის დაბლოკილი საიტებიც, სადაც მანამდე, მხატვრული ფილმები და სერიალები საავტორო უფლებების დარღვევით ვრცელდებოდა. მათი დაბლოკვის მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას "კავეა პლუსმა" მიმართა.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI), 2017 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში დაბლოკილი ვებგვერდები შეისწავლა, რომლის მიხედვით, კვლევაში მოცემული 480 გვერდის დაბლოკვის სამართლებრივი საფუძვლები იყო:
- საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქცია - 77%
- პორნოგრაფია - 6.5%
- კანონმდებლობის დამრღვევი სხვა პროდუქცია - 6.5%
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
საქართველოს კანონმდებლობით, განსაზღვრული იყო დაუშვებელი პროდუქცია, რომელიც კიდევ 6 პუნქტს მოიცავდა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებამ ("ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ") არაკონსტიტუციურად ცნო, გამოხატვის თავისუფლების უფლების ფორმალური გარანტიების დარღვევად მიიჩნია და ის აღარ ვრცელდება ამ ჩამონათვაზე:- სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი მასალა;
- პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი და უზუსტო პროდუქცია.
პროცედურა
კანონით, გვერდის დაბლოკვის მოთხოვნით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია მიმართოს როგორც ფიზიკურ პირმა, ასევე, იურიდიულმა პირებმა და სახელმწიფო ორგანოებმა.დაბლოკილი გვერდების ანალიზიდან ირკვევა, რომ კომისიას ყველაზე ხშირად მიმართავდნენ:
- სახელმწიფო ორგანოები (38%),
- იურიდიული პირები (31%)
- ფიზიკური პირები (20%).
კომინიკაციების კომისია თავად არ ატარებს მონიტორინგს და მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში სწავლობს პრობლემას.
სამართლებრივი საფუძველის დადგენის შემთხვევაში კი, ტექნიკური აღსრულების მოთხოვნით, ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიას მიმართავს — მათ ევალებათ ვებგვერდის დაბლოკვა.
რა ვიცით დაბლოკილი ვებგვერდების შინაარსზე?
ფოტო: ინფოგრაგიკა IDFI-ის კვლევიდან
პროცენტურად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საავტორო უფლებებზე მოდის (77.9%). ჩამონათვალშია კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის, ნარკოტიკების უკანონო გასაღების ფაქტები, ასევე, პორნოგრაფიის გავრცელების შემთხვევები და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტები.- პორნოგრაფიასთან დაკავშირებით, ორ შემთხვევაში, მარეგულირებელ კომისიას შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმართა, რადგან ვებგვერდებზე არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალები ვრცელდებოდა.
- პროსტიტუცია და პროსტიტუციის ხელშეწყობის საფუძვლით, კომუნიკაციების კომისიის მიმართვები ჯამში ეხებოდა 30 ვებგვერდზე წვდომის შეზღუდვას, 19 მათგანი დაიბლოკა.
- ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მომხმარებელთა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის საფუძვლით ხუთი ვებგვერდი დაიბლოკა.
IDFI მიუთითებს, რომ სისტემურ დონეზე არ იკვეთება, მარეგულირებელი კომისია ბოროტად იყენებდეს ვებგვერდთა დაბლოკვის მექანიზმის პროცედურულ ნორმებს. მათ შორის, არ იკვეთება საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდების წინააღმდეგ მისი გამოყენების პრეცედენტებინ — დაბლოკილი ვებგვერდებიდან არც ერთი არ არის მედიასაშუალება.