21.12.2022
რა მოხდა?
2022 წლის 9 ნოემბერს, “ფორმულას” ჟურნალისტი დავით ქურდაძე რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ფულის გათეთრების სქემის შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა.
ტელეკომპანიის ცნობით, რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე კითხვის დასმის დროს, რუსეთის მოქალაქემ ავტომობილი ჟურნალისტს დააჯახა და ადგილიდან მიიმალა.
რას ამბობს გამოძიება?
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ “ფორმულას” ჟურნალისტი და ოპერატორი რუსეთის მოქალაქის ჩაწერას ცდილობდნენ. ბრალდებულმა ავტომობილი მის წინ მდგომ ჟურნალისტს განზრახ დააჯახა ფეხების არეში, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
ბრალდება
2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.
ეს მუხლის ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე, ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.