11 ფაქტორი, რამაც 2022-ში ქართული მედიაგარემო გააუარესა
26.12.2022
გასულ ხუთ წელიწადში, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს პოზიციების დაღმასვლა ფართო სურათით გვიჩვენებს, როგორ უარესდება მედიაგარემო.

alt

2022 წელს, მედიასთან დაკავშირებით დანერგილი ზოგიერთი საკანონმდებლო, თუ სამარათლებრივი პრაქტიკა, არც 2023 წლის მიმართ აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს.
მაგალითად:
  • 2022 წელს ინიცირებული საკანონმდებლო პროექტები, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად არის კავშირში ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაძლოა, 2023 წელს ნეგატიურად აისახოს მედიაგარემოზე.
  • პრობლემურია სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, რომლითაც მტკიცების ტვირთი არა მედიასაშუალებაზე, არამედ ჟურნალისტზე გადადის, რაც დამატებით ზრდის წნეხს ჟურნალისტების მიმართ.
  • მდგომარეობას სულ უფრო ამძიმებს უმეტესწილად, ხელისუფლების გავლენიანი პირების აგრესიული და დამამცირებელი განცხადებები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, ჟურნალისტებზე მოხშირებული თავდასხმების მაპროვოცირებელია.

2022 წელს, საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხი გაუარესდა და მსოფლიო ინდექსში, 180 ქვეყანას შორის, მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.
რატომ?
  • ეს მეტწილად, გასული წლის 5 ივნისს, მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე ძალადობამ გამოიწვია, რომლის ორგანიზატორები ქართულ მართლმსაჯულებას ამ დრომდე არ დაუსჯია.
საერთაშორისო ორგანიზაციის, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) ანგარიშის მიხედვით, მდგომარეობა ამ ფაქტორებმა გააუარესა:
  • რეპორტიორებზე თავდასხმა;
  • მედიის მფლობელების ხშირი ჩარევა სარედაქციო შინაარსში;
  • დიდი მედიასაშუალებები ხშირად იცავენ მფლობელთა ინტერესებს;
  • მედიამფლობელების ხშირი მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან;
  • ხელისუფლება მედიის კრიტიკას პასუხობს ცენზურით, რეიდებითა და დაშინებით.

ორგანიზაცია "RSF" შეფასებაში მიუთითებს, რომ პრესის თავისუფლება, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, საქართველოში კიდევ უფრო გაუარესებულია და ამ კუთხით, ისევ პრობლემურ ქვეყნებს შორისაა.
  • "ბოლო წლებში მედიის თავისუფლება სერიოზულად იზღუდება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის ნაწილია" — ასე შეაფასეს მსოფლიო პრესის ინდექსში საქართველოს პოზიციების ნეგატიური ცვლილება ევროპარლამენტარებმა.
  • “შეშფოთებით აღვნიშნავთ საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ეპიზოდების მზარდ რაოდენობას”, — განახცხადა ევროკომისარმა ვლადის დომბროვსკისიმ, ქართული მედიაგარემოს განხილვისას.

გარდა ამისა, "მედიაჩეკერის" დაკვირვებით, 2022 წელს, ძირითადი გამოწვევები იყო:

1. სასამართლო დავები მედიის მფლობელთა წინააღმდეგ.

  • მიმდინარე: თავდაცვის სამინისტროს სარჩელი "ფორმულას" დამფუძნებლისა და საკონტროლო პაკეტის მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.
არხის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ დავა, რეალურად, ტელევიზიის ფინანსურად დაზიანებას ისახავს მიზნად. "წვრთნების საქმეზე" კეზერაშვილს, შესაძლოა, 5 მილიონი ევროს ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, რაც "ფორმულას" აქტივამდე მივა, "რადგან კეზერაშვილს, საქართველოში, ტელეკომპანიისა და სახლის გარდა, სხვა ქონება არ გააჩნია."
კეზერაშვილის საქმეზე სხდომა 2023 წლის 24 იანვრისთვის არის ჩანიშნული.
  • დასრულებული: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. "ფულის გათეთრების" საქმე.
"ტვ პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი მიიჩნევდა, რომ პროკურატურის ბრალდება, თითქოს მისი მამა, ავთანდილ წერეთელი, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 2008 წელს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა, უკავშირდებოდა ხელისუფლების სურვილს, შეექმნა პრობლემები კრიტიკული მედიისთვის. 3-წლიანი პროცესი 2022 წლის იანვარში დასრულდა. სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, "დანაშაულის ხანდაზმულობის გამო", ისინი არ დაუპატიმრებიათ.

2. "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება

  • 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას "რუსთავი 2"-ის საქმეზე, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 2 ნოემბერს, გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 
გვარამიას დაპატიმრება კრიტიკულად შეფასდა:

3. "ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიებისა და კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ.

  • 2022 წელს, მმართველი გუნდის, ან მათი ოჯახის წევრების მიერ, “მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ, ცილისწამების ბრალდებით, სასამართლოში 28 სარჩელი შევიდა.
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე "აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად.

დეტალურად:  მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

4. საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც შესაძლოა, გაზარდოს სახელმწიფოს ჩარევა მაუწყებლების საქმიანობაში

  • საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებით, სახელმწიფომ მედიაზე რეგულირების სფერო გაზარდა, რადგან მედია პროდუქტის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც კანონის მანამდე მოქმედი რედაქციით მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილებოდა, ამიერიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებაშიც გადადის.
ინიციატორები, "ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ეს ევროკავშირის დირექტივაა. მედიის სფეროს ექსპერტები კი სახელმწიფოს მხრიდან, კერძო მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევის რისკებს ხედავენ.

დეტალურად:  რა პრობლემა აქვს "მაუწყებლობის შესახებ" ახალ კანონპროექტს?

კანონპროექტი დასკვნას ვენეციის კომისიისგან ელოდება. "ოცნების" გადაწყვეტილება, უკრაინული კანონპროექტის ანალოგით დააკმაყოფილოს ევროკომისიის მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის შესახებ, კრიტიკულად შეფასდა, რადგან თავად კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ პროექტში გაწერილი კრიტერიუმებით "აქსიომაა", რომ ოლიგარქი ივანიშვილი კი არა, დავით კეზერაშვილია — ოპოზიციური არხის, "ფორმულას" დამფუძნებელი.

პრობლემაა ისიც, რომ ავტორებს კანონპროექტში არ დაუკონკრეტებიათ, რა ბედი ეწევა მედიას, თუ კანონი მის მფლობელს ოლიგარქად ცნობს.

დეტალურად: როგორ შეიძლება შეცვალოს "ფორმულას" მომავალი კანონმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ"

5. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სადავო გადაწყვეტილებები

  • უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმა ოპოზიციური არხების მიმართ
2022 წლის 23 აგვისტოს, კომისიამ, “ოცნების” საჩივრის საფუძველზე, “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, ტელეკომპანია “პირველი” და “ფორმულა” კი წერილობითი გააფრთხილა. მედიაკოალიციამ, რომელიც 16 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, თქვა, რომ კომისიის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, დაუსაბუთებელი და აუარესებს მედიაგარემოს.
  • ორმაგი სტანდარტი დეპუტატის მიერ, ტელევიზიის ფლობის მიმართ
2022 წლის ოქტომბერში, ტელეკომპანია "პოსტივის" საკონტროლო პაკეტი დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ იყიდა. კომუნიკაციების კომისიამ ამაში პრობლემას ვერ დაინახა, თუმცა, 2016 წელს, მსგავს შემთხვაში კანონდარღვევა დაადგინა, როდესაც დეპუტატ ნატო ჩხეიძეს არ მისცა ტელევიზიის ფლობის უფლება.

6. პოლიტიკური ცენზურის შესაძლო ფაქტები საზოგადოებრივ მაუწყებელებში

პირველი არხი:
  • 2022 წლის აპრილში, საზმაუს ბორდის თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ვასილ მაღლაფერიძე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი იყო. ამან გააჩინა კითხვები არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ.
  • მანამდე, 2022 წლის თებერვალში, "ახალი კვირის" წამყვანმა და ორმა რეპორტიორმა, გადაცემის დახურვის მიზეზად ცენზურა და არხზე "შავი სიების" არსებობის ფაქტორი დაასახელა. მაუწყებელმა ისინი გაათავისუფლა, რაც სახალხო დამცველმა უკანონოდ ცნო და არხს მათი აღდგენის მოთხოვნით მიმართა.
  • ქეთი თუთბერიძემ, პირველი არხის მიერ გათავისუფლებული ამ საკვირაო გადაცემის რეპორტიორმა, "მედიაჩეკერთან" ინტერვიუში თქვა, რომ მაუწყებელში ვასილ მაღლაფერიძის გავლენა გაძლიერდა. მისი თქმით, არხზე პოლიტიკური კონტროლი 2019 წლიდან გახშირდა. თუთბერიძე მიიჩნევს, რომ "ამ კონტროლის სისტემის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე იყო, ხოლო ზეწოლის გამტარი კი - საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკა შონია".

დეტალურად: ინტერვიუ პირველი არხიდან წამოსულ ქეთი თუთბერიძესთან

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი:
  • 2022 წელსაც გაგრძელდა სასამართლო დავა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძესა და, მაუწყებელს შორის. კაპანაძე იმპიჩმენტის შემდეგ, მაუწყებლის ბორდის მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.
  • 2022 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. კაპანაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პოლიტიზებულია და სამართლებრივ ბრძოლას საერთაშორისო მექნიზმების გამოყენებით აპირებს.

7. თავდასხმები და მუქარები 2022 წელს — (არასრული ჩამონათვალი):

  • თებერვალში, "ფორმულას" რეპორტიორს, რატი წვერავას, 5 ივნისის საქმეზე ბრალდებული გიორგი ნასყიდაშვილი, სასამართლო დარბაზში დაემუქრა.
  • მარტში, თბილისსა და ზუგდიდში, "ფორმულას" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. თავდასხმიდან 1 თვეში, "მთავარი არხის" რეპორტიორებზე თავდასხმის ფაქტზე „ალტ-ინფოს“ ორი წევრი დააკავეს.
  • მაისში, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მოკვლით დაემუქრნენ.
  • ივნისში, "ტვ პირველმა" განაცხადა, რომ მის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას უცნობმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • ივლისში, “ტვ პირველის” მფლობელმა ვატო წერეთელმა თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, “ოცნების” დეპუტატები თავს ჯგუფურად დაესხნენ. მმართველი გუნდი ამას „პროვოკაციაზე რეაქციით“ ამართლებდა.
  • ივლისში, გამოძიება დაიწყო "ტვ მონიტორინგის" თანამშრომლებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. ტელევიზიის ჟურნალისტების თქმით, მათ "ალტ ინფოს" არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი წევრები და მხარდამჭერები დაესხნენ თავს.
  • აგვისტოში, "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვისას თავს დაესხნენ. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, 1 პირი დააკავეს.

8. "კრებსების საქმე" — დაზარალებული ჟურნალისტები

  • 2022 წელს, საქართველოს პროკურატურამ 42 ჟურნალისტი დაზარალებულად ცნო, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენს" მიმართეს. ჟურნალისტების ინტერესებს იცავს კიდევ ერთი ორგანიზაცია — "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
  • საქმე ეხება სუსის შესაძლო უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ამსახველ ფაილებს, რომელიც მედიაში 2021 წელს გამოქვეყნდა.
  • ჟურნალისტების სარჩელები სტრასბურგშიც გაიგზავნა.

დეტალურად: ერთი წელი ჟურნალისტების ფარული მოსმენებიდან - რა შეიცვალა?

9. შემოსავლების კლება

  • ორგანიზაციის “რეპორტიორიები საზღვრებს გარეშე” შეფასებით, სარეკლამო ბაზრის განუვითარებლობა და დაფინანსების პრობლემა ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობას ქმნის მედიისთვის საქართველოში.
  • 2022 წელს, საქართველოს პოპულარულმა კერძო მაუწყებლებმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანად დაკარგეს შემოსავლები მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში ამოქმედდა კანონი, რომელიც მაუწყებლებს აზარტული თამაშების რეკლამირებას უკრძალავს. არსებული მონაცემებით, საუბარია ჯამურად 40 მილიონ ლარზე, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიაზე ნაწილდებოდა.

დეტალურად: ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები შემცირდა

10. პრორუსული გავლენები ქართულ მედიაში და რუსეთის მიერ დაბლოკილი ქართული ვებგვერდები.

  • 2022 წლის მაისში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველოში ღიად პროკრემლისტური სადეზინფორმაციო კამპანიის მთავარი პლატფორმა „ალტ-ინფოა“.
  • მათივე კვლევით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმი სოციალური მედიის პოპულარული პლათფორმების ქართულენოვან აუდიტორიაში.

ამ თემაზე: ოკუპირებული ქვეყნისგან, მორალურად გაუმართლებელია რუსული პროპაგანდის დაშვება — ლევან ავალიშვილი, IDFI
  • 2022 წლის აპრილში რუსეთმა დაბლოკა “ნეტგაზეთის” და „აქცენტის“ რუსულენოვანი გამოცემები. დაბლოკვამდე რამდენიმე დღით ადრე მათ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს.

11. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრობლემა

  • სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიწოდების მაქსიმალური ვადა 10 დღითაა განსაზღვრული, თუმცა, ისინი ხშირად არღვევენ კანონით განსაზღვრულ ვადებს ან საერთოდ არ გასცემენ კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციას.
საჯარო სამსახურების მსგავსი დამოკიდებულება აფერხებს: გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.
  • “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშით, ყველაზე დახურულია კულტურის სამინისტრო — თეა წულუკიანის უწყება.
  • გახშირდა შემთხვევები, როდესაც საჯარო უწყება კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს არ აწვდის ინფორმაციას შეხვედრების და სხვადასხვა აქტივობის შესახებ, არ უშვებს პრესკონფერენციებზე. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის პარალელურად, აღნიშნული პრობლემის მოგვარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია — აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნების" მიერ მომზადებულ კვლევაში.
  • 2022 წლის სექტემბერში, მთავრობის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს BM.GE-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია.
  • ამ ფაქტის შემდეგ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას მოუწოდა, ჟურნალისტებს მისცენ მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ