06.01.2023
გამოცემები, "სასტიკი მკვლელობის შესახებ" იუწყებოდნენ ისე, რომ ამას არ ადასტურებდა არცერთი შესაბამისი წყარო, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები, ან ექიმი.
მოკლედ, რა ვიცით ამ დროისთვის?
- 6 იანვარს [12:45 საათი], საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ბელგიის პოლიცია არ ადასტურებს ინფორმაციას, ბელგიაში მცხოვრები ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ.
- 5 იანვარს, დღის ბოლოს, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ლიზა ქისტაურის დედის, იზა არღვლიანის კომენტარი. "მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია, თქვენ როგორ შეგიძლიათ?", – მიმართა არღვლიანმა ქართულ მედიასაშუალებებს.
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადებით მოუწოდა მედიას, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
"ამ ამბის შეფასებისასაც კი, მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ვსაუბრობთ არა ფაქტზე, არამედ მედიის მიერ გავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციაზე. არ არსებობს არცერთი ოფიციალური წყარო, რომელიც ქალის გარდაცვალებას ადასტურებს", — ამბობს ხატია ღოღობერიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე.
ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებით, მედიამ დაივიწყა ინფორმაციის წარმოების მნიშვნელოვანი პრინციპი: არ ავნო —ზოგადად, ადამიანის გარდაცვალების შესახებ დადასტურებული ცნობის გავრცელებისასაც კი, მედიამ აუცილებლად უნდა შეიკავოს თავი, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ ახლობლები საქმის კურსში არიან.
"არავინ უნდა იგებდეს მედიიდან ამბავს საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. კოლეგებს ვურჩევ-ხოლმე, წარმოიდგინონ, როგორ იგრძნობდნენ თავი მათ ადგილას? ზოგადად, ეს მიდგომა — წარმოიდგინო საკუთარი თავი სხვის ადგილას, ხშირად დაეხმარებათ მედიაპროდუქტის მომზადებაში", — ამბობს ღოღობერიძე.
პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფა
- ლიზა ქისტაურთან დაკავშირებული, დაუდასტურებელი ინფორმაციის გაშუქებით, სულ რაღაც 2-3 წინადადებიან "ნიუსში", მედიების დიდმა ნაწილმა ერთდროულად რამდენიმე პროფესიული სტანდარტი დაივიწყა. მათ შორის ისიც, რომ თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვასაც.
- გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოებისგან მძაფრი შეფასებების შემედეგ, მედიის დიდმა ნაწილმა ვებგვერდებიდან უკვე წაშალა თავდაპირველად გავრცელებული დაუდასტურებელი, გადაუმოწმებელი მასალა, თუმცა, ინფორმაციის ჩასწორების პროფესიული სტანდარტის დაცვის გარეშე. ანუ, მათ მკითხველისთვის არ დაუზუსტებიათ, რომ თავადვე იყვნენ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები.
როგორ უნდა მოიქცეს მედია, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ?
შესწორების სტანდარტის პროფესიული სახელმძღვანელოს მიხედვით,
- ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ დაშვებულ შეცდომებზე და დროულად გაასწორონ უზუსტობები.
- აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და რა არის სწორი.
- მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში.
სათაურის შეცვლის შემთხვევაში,
- მედია უნდა დარწმუნდეს, რომ მასალის სათაური შესწორდა ყველა პლატფორმაზე, სადაც კი გაზიარებული იყო ინფორმაცია.
- ყურადღება მიაქციოს ბმულის ფრაგმენტსაც (URL), რომელიც ხშირად სათაურის ანალოგია. ფაქტობრივი უზუსტობა იქაც ჩაასწორეთ.
- მასალა, შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყაროა.
- თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ წაშლის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.
- მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.