სტრასბურგმა 5 ივლისის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო — რას ნიშნავს ეს დაზარალებული ჟურნალისტებისა და სახელმწიფოსთვის
18.01.2023
რა ხდება?
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიხედვით, ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების საქმეზე, მედიის 16 წარმომადგენლის სახელით გასაჩივრებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
საგულისხმოა, რომ
  • სტრასბურგმა, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადაიყვანა შემჭიდროებულ ვადაში, საჩივრის გაგზავნიდან 2 თვეში.
რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
  • საქართველოს ხელისუფლებას, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს ევროკავშირი და სხვა გავლენიანი დასავლელი პარტნიორები.
  • დაზარალებულთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს საქმე კომპლექსურად აჩვენებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ ხასიათს.
  • საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ძალადობის ორგანიზებულობაზე მიუთითებს, თუმცა, დაზარალებულების აზრით, პროკურატურას მეტი მტკიცებულების მოპოვება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა.
  • საია, რომელიც დაზარალებულებს იცავს, ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურა ხელს აფარებს ძალადობის მთავარ ორგანიზატორებს.

რას დავობს საია, დაზარალებული ჟურნალისტების სახელით?
რომ:
  • საქართველოს ხელისუფლებამ, 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება;
  • მომხდარზე შესაბამისი რეაგირება;
  • სადავოა შსს-ს მიერ წარმოებული საქმის გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით — სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით.
  • მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებმა წაახალისა მოძალადეები, რამაც მოვლენებზე კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა.
ამასთან, მომჩივნები დავობენ, რომ
  • დაზარალდნენ იმის გამო, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან;
  • და/ან ჰომოფობიური ჯგუფების მიერ, ასოცირებულნი იყვნენ ლგბტ+ თემთან.
ევროპული სასამართლოს კითხვები საქართველოს სახელმწიფოს:

სტრასბურგმა, საჩივარში სადავო მუხლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს შეკითხვები დაუსვა, პასუხის წარსადგენად კი ვადა 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა.

6 საკითხს შორის, ევროპულ სასამართლოს აინტერესებს:
  • მიიღო თუ არა სახელმწიფომ 5 ივლისს ეფექტიანი პრევენციული ზომები, რაც დაიცავდა დაზარალებულებს თავდასხმისაგან;
  • გაამწვავა თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა მომხდარი ძალადობა.
საიას იურისტს, ლაშა ჯავახიშვილს ვკითხეთ, რაზე შეიძლება მიანიშნებდეს საქმის არსებითი განხილვის შემჭირდოებულ ვადაში დაწყება.

- ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2022 წლის 4 ნოემბერს გავგზავნეთ და სასამართლოს 2 თვეზე ცოტა მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადაეყვანა, რაც შესაძლებელია, იმის ინდიკატორი იყოს, რა მნიშვნელობას ანიჭებს სასამართლო ამ საჩივარს.

საჩივარში მივუთითებთ სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ფაქტებზე, რომლის თანახმადაც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უმნიშვნელოვანესი უფლებები საქართველოში სისტემურად ირღვევა.

საუბარია წამების აკრძალვაზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე, სიტყვის/გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფომ ეფექტიანი დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მოგვცა.

მთავარი არის ორი რამ: უფლებათა მნიშვნელობა და დარღვევათა ხასიათი, არის ისინი სისტემური, თუ — არა. თუ საქმე ეხება სისტემურ დარღვევებს, შესაბამისად, გამოწვევაც სისტემურია და მასზე პასუხი არამხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ საზოგადოდაც გასცემს პასუხს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით.

— რას ცვლის ამ საჩივრის მოკლე ვადაში წარმოებაში მიღება დაზარალებული ჟურნალისტებისთვის და რას - სახელმწიფოსთვის?

— ბუნებრივია, პირველ რიგში, სწრაფი რეაგირება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ დაზარალებულებს უჩენს მოლოდინს, რომ სასამართლო სათანადოდ განიხილავს ამ საქმეს.

რაც შეეხება სახელმწიფოს, მას განუსაზღვრავს ვალდებულებას, რომ 2023 წლის მაისისთვის წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია და ველოდებით მათ პოზიციებს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დავის წარმოების სამართლებრივი მექანიზმები თავად სახელმწიფოსაც აძლევს საშუალებას, რომ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში გადაწიოს ვადა. იმედი გვაქვს, რომ ასეთ შემთხვევასთან არ გვექნება საქმე და სასამართლო შეძლებს გვაცნობოს საკუთარ პოზიციას უკვე მაისის თვისთვის.

— საქმის ევროპულ სასამართლოში განხილვის შედეგი შეიძლება იყოს თუ არა ის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფომ ძალადობის ორგანიზატორების დასჯა, რაც მთავარი პრობლემაა? რა შეიძლება იყოს თქვენთვის ხელშესახები შედეგი და როგორია თქვენი საუკეთესო მოლოდინი?

— უნდა გამოვიდეთ იქიდან, თუ რისი დადგენა შეუძლია სასამართლოს. თუ დადგინდა საქმეში დარღვევა, ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია დააკისროს სახელმწოფოს როგორც ინდივიდუალური ღონისძიებები, ასევე საზოგადო ღონისძიებები.

ინდივიდუალურის შემთხვევაში შესაძლებელია, კომპენსაციები დაეკისროს იმ ადამიანებთან მიმართებით, ვისი უფლებებიც დაირღვა, და რაც შეეხება საზოგადოს - შესაძლოა, სახელმწიფოს დაეკისროს როგორც კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა და დახვეწა, მათ შორის, პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი ძალადობა. ასევე, შესაძლებელია, ხელშესახები შედეგი იყოს ისიც, რომ სახელმწიფოს დაეკისროს ეფექტიანი გამოძიების წარმართვის ვალდებულება, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში, ორგანიზატორები იყვნენ პასუხისგებაში მიცემული.

— როგორია აღსრულების საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტი? არსებობს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს დაავალდებულებს, აღასრულოს გადაწყვეტილება?

— აღსრულებას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი უზრუნველყოფს, თუკი, რა თქმა უნდა, დადგინდა დარღვევები და პროცესი ჩვენი მოლოდინების მიხედვით წარიმართა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, თავად აღსრულების პროცესი არის დროში საკმაოდ გახანგრძლივებული, რადგან ის საჭიროებს სისტემურ რეფორმებს, გადამზადებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზოგადი ღონისძიებებია გასატარებელი.

თავის მხრივ, სპეციფიურია ადამიანის უფლებების დარღვევის ის ფაქტები, რასთანაც 5 ივლისსგვქონდა საქმე, რადგან ძალადობრივი ქმედებები მიმართული იყო მედიის, ჟურნალისტებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, რაც სამწუხაროდ, არახალია საქართველოსთვის. ისევე, როგორც თუნდაც, იდენტობის საქმეებზე არ მუშაობს პრევენციული მექანიზმები და მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს, ჯერ კიდევ აღუსრულებელი აქვს მთელი რიგი ვალდებულებები ამ მიმართულებით. მაგრამ თავად ფაქტი — ვალდებულებების არსებობა, საერთაშორისო სამართლის მოქმედების გათვალისწინებით, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მათი შესრულების იურიდიული ვალდებულება ეკისრება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ საქმის შინაარსი მოიცავს საზოგადო პრობლემას, ვინაიდან ის ეხება თითოეული ადამიანის სიტყვის თავისუფლებას. ძალადობა არ უნდა იყოს ბრძოლის მექანიზმი გარკვეული ჯგუფებისთვის, ვისთვისაც მიუღებელია სხვების მოსაზრებები და რომ თავისუფალ სიტყვას მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დაუპირისპირდეს თავისუფალი სიტყვა. ეს უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი და გასაგები. ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ძალადობა არის მიუღებელი ფორმა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ დანაშაულის შეჩერება და თუ ვერ შეაჩერებს - ასეთ შემთხვევებში ,რა თქმა უნდა, დასჯამ, რაც 5 ივლისის შემთხვევაში სახელმწიფომ არ გააკეთა.

კონტექსტი:
  • 2021 წლის ივლისს, "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს დაესხნენ თავს.
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 5 ივლისის დილით მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ღირსების მარში მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია და "აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე", რამაც წაახალისა ძალადობრივი ჯგუფები.
  • სასამართლომ 6 პირს შეუფარდა 5-წლიანი პატიმრობა, თუმცა, სააპელაციომ მათ სასჯელის ვადა 1 წლით შეუმცირა.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ