01.02.2023
რა ხდება?
1 თებერვალს, რეგიონული ინტერნეტგამოცემა ლაივპრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში მდებარე მედიასაშუალება 12-წლიანი მუშაობის შემდეგ იხურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
- "ლაივპრესი" სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის ამბების გაშუქებაზე ფოკუსირებული, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი რეგიონული მედიაა.
- გამოცემა სამ ენაზე: ქართულად, აფხაზურად და რუსულად ავრცელებდა ახალ ამბებსა და ანალიტიკურ მასალებს. მის აუდიტორიას კი შეადგენდა მკითხველი ოკუპირებული აფხაზეთიდანაც.
რა უნდა ვიცოდეთ "ლაივპრესის" შესახებ?
- "ლაივპრესის" დამფუძნებელი და დირექტორი გერონტი ყალიჩავაა.
- დაფუძნდა 2011 წელს და ამ დრომდე, საერთაშორისო დონორებისა და სარეკლამო შემოსავლების საშუალებით ფუნქციონირებდა.
- "ლაივპრესს", ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკის პროტოკოლში მითითებული აქვს, რომ მათი პრინციპები ეფუძნება სიზუსტეს, მიუკერძოებლობას.
"მთელი ამ ხნის მანძილზე, პოლიტიკური, რელიგიური, და სხვა ორგანიზაციებისგან გამიჯნული, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით, ყველაზე მთავარი - საზოგადოების ნდობა პირველივე დღეებიდან მოვიპოვეთ. ეს ნდობა არასდროს შერყეულა და წლიდან წლამდე ძლიერდებოდა", — წერს "ლაივპრესი" განცხადებაში, რომელშიც ასევე მიუთითებს, რომ:
- ამ პლატფორმამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, ერთი მხრივ შეუზღუდავად მიეღოთ სანდო ინფორმაცია, მეორე მხრივ, თავადაც ყოფილიყვნენ პროცესის, ცვლილებების მონაწილეები, რაც სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო.
- მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთი მოქალაქის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ. ბევრმა, ჩვენი პლატფორმის დახმარებით პირველად ისაუბრა უკანონობაზე, დარღვეულ უფლებებზე, იპოვა გზა და ძალა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, პირადი, თუ საზოგადო პრობლემის მოსაგვარებლად.
- ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას, ხელს თავისუფალი სივრცის არსებობა უწყობს, სადაც შეგიძლია დამოუკიდებლად იაზროვნო, გაეცნო მიუკერძოებლად, პროფესიონალიზმით მომზადებულ მასალებს, გამოთქვა კრიტიკა, გქონდეს უკუკავშირი რედაქციასთან, შესთავაზო მას ახალი იდეები და მოუყვე საკუთარ პრობლემაზე - ვფიქრობთ, "ლაივპრესმა" ეს შეძლო.
გამოცემა, მათი საქმიანობის მნიშვნელოვან შემადგენლად მიიჩნევს სტატიების ციკლს, რომელშიც აფხაზი პოლიტიკოსები, ე.წ. მინისტრები, თუ ხელოვანები შეიარაღებული კონფლიქტიდან წლების შემდეგ, საკუთარ სათქმელს უზიარებდა საზოგადოებას, "რასაც მოჰყვა უკუკავშირიც - აფხაზურ ჯგუფებში დისკუსიები, განსხვავებული აზრის მოსმენა, ზოგჯერ კრიტიკაც."
წლების განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში, როგორც სანდო წყარო და ინფორმაცია.