"ფორმულა" გაფიცულ ოპერატორებს ათავისუფლებს
03.02.2023
ტელეკომპანია "ფორმულა" გაფიცულ ოპერატორებს სამსახურიდან ათავისუფლებს. ინფორმაციას ადასტურებს არხის საიფნორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ინწკირველი.

რა ხდება?
  • სამ თებერვალს, ტელეკომპანია "ფორმულამ" ხელშეკრულებები შეუწყვიტა ოპერატორებს, რომლებიც 31 იანვრიდან ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ და უარს ამბობდნენ სამუშაოს შესრულებაზე.
  • პროტესტს საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორი უერთდებოდა.
  • კომპანია მათს გათავისუფლებას ასაბუთებს იმით, რომ მათ არ შეასრულეს გაფიცვის დასაწყებად საჭირო სამართლებრივი ნორმები.
  • ოპერატორები კომპანიის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და აპირებენ, სამართლებრივ ზომებს მიმართონ.

მეტი, ოპერატორების პროტესტზე ნახეთ ამ სტატიაში: გაფიცულია "ფორმულას" 20-ზე მეტი ოპერატორი.


რატომ ათავისუფლებენ ოპერატორებს?

ტელეკომპანიის იურისტი, ეთო ქათამაძე "პროტესტს" უწოდებს ოპერატორების მიერ სამუშაოს არშესრულებას, რადგან მისი თქმით, მათ დაარღვიეს გაფიცვისთვის საჭირო სამართლებრივი ნორმები.

საქმე ეხება, რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, გაფიცის მონაწილეებმა ჯერ სახწლმწიფოსა და დამსაქმებელს უნდა მიმართონ, რათა დაინიშნოს მხარეთა შორის მომლაპარაკებელი, მედიატორი. გაფიცვის უფლება კი მედიატორის დანიშვნიდან 21 დღის გასვლის შემდეგ წარმოიშობა.

  • "ამ შემთხვევაში ჯერ დაიწყო პროტესტი, არ შეასრულეს სამსახურეობრივი მოვალეობა, შემდეგ წერილობით გვაცნობეს, სადაც მხოლოდ მითითებული იყო, პროტესტის შესახებ და რომ ხელფასის მატებას ითხოვდნენ" - ამბობს ეთო ქათამაძე.
  • 2 თებერვალს, ნანა ინწკირველი მედიაჩეკერთან ამბობდა, რომ თუ მოლაპარაკებები კვლავაც უშედეგოდ გაგრძელდებოდა, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და იურისტები "იმის მიხედვით იმოქმედებდნენ, რაც სამართლებრივად იქნებოდა სწორი".

ოპერატორების პოზიცია

განცხადების ტექსტში, რომელიც ფორმულადან გათავისუფლებულმა ოპერატორებმა "მედიაჩეკერს" გამოუგზავნეს, წერია, რომ მათ "პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მიიღეს დამამცირებელი დამოკიდებულება და კატეგორიული უარი პირობების გაუმჯობესებაზე", რის შემდეგაც "პროტესტის ფორმად გაფიცვა არიჩიეს".

"დღსაც შევთავაზეთ კომპრომისული ვარიანტი" - წერია ტექსტში - რაც, მათი თქმით, გულისხმობდა ხელფასის მომატების რამდენიმე თვეზე გადანაწილებას, თუმცა როგორც ოპერატორები ამბობენ, კომპანიამ ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.

"ფორმულას" იურისტის, ეთო ქათამაძის თქმით, კომპანია სამი დღის განმავლობაში ფორმალურად აფრთხილებდა თანამშრომლებს: "[სამ თებერვალს] 6 საათამდე მიეცათ ვადა, რომ მოეფიქრებინათ, დაბრუნებოდნენ სამუშაო პროცესს და ისე გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები" და რადგან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საბოლოოდ, კომპანიამ ყველა ოპერატორს ხელშეკრულება შეუწყვიტა.

გათავისუფლებული ოპერატორები იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ აპირებენ სახალხო დამცველსა და სასამართლოს მიმართონ.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ