ბარიერები ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აქციის გამართვისას — "ქარტიისა" და პარლამენტის პოზიციები
20.02.2023
20 თებერვალს, ჟურნალისტებმა და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქცია გამართეს "უცხოეთის აგენტების კანონპროექტის" გასაპროტესტებლად.

მათ ნაწილს პარლამენტში შესვლასა და პროტესტის გამოხატვაში ადმინისტრაციისგან ბარიერები შეექმნა, რადგან ერთი გამოცემიდან, მხოლოდ 2-3 ჟურნალისტზე გასცეს საშვი, თუმცა, საბოლოოდ, ამ ჟურნალისტებმა ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით შეძლეს შენობაში შესვლა.

რა არის პრობლემა?

  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოზიციით, მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით, ამას კი ჟურნალისტებისთვის პროტესტის გამოხატვაში ხელშეშლად აფასებს.
  • "სტუდია მონიტორის" მიერ, "ფეისბუკზე" გავრცელებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მათ გადამღებღებ ჯგუფს არ მიეცა შესაძლებლობა, შეეტანათ საპროტესტო პლაკატები საქართველოს პარლამენტში.

რა ხდება?

  • მედია აპროტესტებს ანტიდასავლურად განწყობილი "ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც საფრთხეს შეუქმნის მედიასა და არასამთავრობო სექტორს.
  • პროტესტის მონაწილე ჟურნალისტები ამბობენ, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, არ აპირებენ "უცხო აგენტებად" დარეგისტრირებას.
  • ჟურნალისტებს, "ხალხის ძალის" ინიციატივა ახსენებს რუსულ კანონს "უცხო აგენტების" შესახებ, რომელიც პირდაპირ არის მიმართული დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შესავიწროებლად, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინასთან ომის დროს.
"ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ხელი შეუწყონ ჟურნალისტების დამოუკიდებელ საქმიანობას პარლამენტში, არა მარტო მედიის თავისუფლების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც.
  • ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის მიერ ინიცირებული კანონპროქტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ", —
წერია განცხადებაში.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოზიცია

  • "არ მქონდა განცდა, რომ ჟურნალისტები პარლამენტში შემოსვლის ნებართვას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ითხოვდნენ, შესაძლოა, ეს ყოფილიყო აქცია, ან პერფორმანსი", — გვითხრა მიშა ფეიქრიშვილმა, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, სატელეფონო კომენტარში, რომელიც მასთან მანამდე ჩავწერეთ, ვიდრე ჟურნალისტები შენობაში საპროტესტო აქციას გამართავდნენ.
  • ამ დროსთვის, პარლამენტში ჟურნალისტების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ უკვე ცნობილი იყო.
ფეიქრიშვილის თქმით:
როგორც წესი, სააგენტოებიდან, ჟურნალისტების ორი, ან სამი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს უშვებენ-ხოლმე, და როდესაც თითოეული გამოცემიდან ერთდროულად, რვა ჟურნალისტის შესვლაზე მიიღეს მიმართვა, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს გაუჩნდა განცდა, რომ მოთხოვნა არ იყო შესაბამისობაში საპარლამენტო დღის წესრიგით გამოწვეულ შესაძლო ინტერესთან.

"დღეს რომ პარლამენტში ყოფილიყო რამდენიმე ღონისძიება, არ გამიჩნდებოდა ასეთი ეჭვი და არც პრობლემას შევქმნიდით, შემოსულიყო რამდენიმე ჯგუფი", — ამბობს მიშა ფეიქრიშვილი.

კონტექსტი

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებებიც, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
საქართველოში დამოუკიდებელი მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება.

დეტალები: საფრთხეები ქართული მედიისთვის კანონპროექტში "უცხოეთის აგენტების" შესახებ

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ