მედიის პროტესტი პარლამენტში, რუსული კანონპროექტის განხილვის პარალელურად
27.02.2023
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს რუსულ კანონს უწოდებს მედია, რომელმაც, კანონპროექტის ბიუროს სხდომაზე განხილვის პარალელურად, დერეფანში აქცია გამართა.

მედიის მთავარი საპროტესტო გზავნილებია:

  • "ამ კანონის მიღების მთავარი სამიზნეა მოსახლეობა, რომ მათ არ გაიგონ სიმართლე კრიტიკული მედიიდან", — ნინო ზურიაშვილი, სტუდია მონიტორი.
  • "ხელისუფლება ცდილობს, რუსული მეთოდებით დაახშოს ინფორმაცია", — ნათია კაპანაძე, "მედიაომბუდსმენი".
  • "ეს კანონი არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მომართული რუსული კანონი", — ნანა ბიგანიშვილი, სტუდია მონიტორი.
  • "ხელისუფლება ზღუდავს ინფორმაციას. მიზანია, მხოლოდ დაცენზურებული ინფორმაცია მივიდეს მოქალაქემდე — რომ წაართვან შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ ინფორმირებული", — ხატია ღოღობერიძე, Queer.ge-ის მთავარი რედაქტორი, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" საბჭოს თავჯმდომარე.
  • "ხელისუფლების მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა. ამ კანონით, აღმოვჩნდებით მსგავს მდგომარეობაში, რა მედიგარემოცაა პუტინის რუსეთში", — მარიამ გოგოსაშვილი, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" დირექტორი.
alt
alt

აქციის პარალელურად, 70-მდე მედიაორგანიზაციამ თბილისსა და საქართველოს რეგიონებიდან, გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ:

  • არ აპირებენ, იმუშაონ "აგენტის" იარლიყით და ამ კანონპროექტის კანონად ფორმირების შემთხვევაში, უარს აცხადებენ "უცხო გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე.
  • ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
"ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას", — წერია მედიასაშუალებების საერთო განცხადებაში.



ეს ბოლო პერიოდში, ჟურნალისტების მიერ, პარლამენტის შენობაში გამართული რიგით მეორე აქციაა, იგივე მიზეზით — არ მიიღოს პარლამენტმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანონი, რომელიც დამოუკიდებელ მედიას რუსული მეთოდით ცნობს "აგენტად".

პირველი აქციის მსგავსად, ჟურნალისტების ნაწილს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისას ისევ ბარიერები შეექმნა. მათ შორის მათ, ვისზე საშვი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუშვეს.
ფოტოზე: ჟურნალისტები, რომლებმაც შენობაში შესვლა ვერ შეძლეს

alt

გამოცემა On.ge-ს რედაქცია აცხადებს, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, პლაკატი შეეტანათ შენობაში წარწერით — "თქვენ თვითონ ხართ აგენტები". ასეთივე პრობლემა ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში გამართულ წინა აქციის დროსაც შეექნათ.

"მე, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, დავუშვი საშვი რამდენიმე ადამიანზე, რაც არც თქვენთვის დამიმალავს და არც - დაცვისთვის, რომ მედიას ესარგებლა კონსტიტუციური უფლებით, გამოხატოს პროტესტი. დაცვის წევრები ხელებს აფარებდნენ და არ უშვებდნენ ამ ადამიანებს, რაც უმსგავსობად მიმაჩნია", — თქვა ბიუროს სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარტიიდან "მოქალაქეები".

ბიუროს სხდომას, საპარლამენტო ოპოზიციიდან, მხოლოდ პარტია "მოქალაქეები" ესწრებოდნენ.

"[…] რომელია ამ დარბაზში ისეთი, გრანტი და დაფინანსება რომ არ მიუღია უცხოეთიდან? ყველანი აგენტები არიან, შალვა პაპუაშვილის თამადობით, რომელიც საერთოდ, "აგენტების აგენტი" იყო, რადგან როგორც დონორი, ფულს აძლევდა სხვებს?", — თქვა ალეკო ელისაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, ამ კანონპროექტს აკრიტიკებენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლელი დიპლომატები, თუ ინსტიტუციები, რომლებიც საქართველის მოქმედი ხელისუფლების აშკარად შეცვლილი და მკაფიოდ გამოხატული ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკის მიუხედავად, ოფიციალურად, ჯერ კიდევ საქართველოს სტრატეგიული პარტნორები არიან.

სტატიის ფოტო: მზია საგანელიძე

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ