02.03.2023
პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით გააძევეს ტელეკომპანია "ფორმულას" ფოტორეპორტიორი და ინტერნეტგამოცემების — "ნეტგაზეთისა" და On.ge-ს ჟურნალისტები.
- სამივე მათგანი პარლამენტის შენობიდან, დღის განმავლობაში აშუქებდა საპროტესტო აქციებსა და პროცესებს, რომელიც საგარეო და თავდაცის კომიტეტებში, რუსული შინაარსის კანონპროექტის მოსმენის პარლალელურად მიმდინარეობდა.
- შესაბამისად, ჟურნალისტებზე, პარლამენტის ადმინისტრაციის მიერვე იყო დაშვებული საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის შესაბამისი საშვი.
On.ge-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამოაძევეს ამ გამოცემის ჟურნალისტი და რედაქტორი თამუნა გეგიძე ძალის გამოყენებით.
"პარლამენტში მიმდინარე ამბებს პირდაპირ ეთერშიც ვაშუქებდი და იქ მუშაობისთვის შესაბამისი საშვი დღეს პარლამენტის ადმინისტრაციამ მომცა, თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენი გამოცემა ღიად გამოხატავს პოზიციას ამ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, პროტესტსაც გამოვხატავდი", — ამბობს გეგიძე, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ:
- თავდაპირველად დააფიქსირეს, როგორ უღებდა მათ დაცვის თანამშრომელი მაშინ, როდესაც ჟურნალისტები შენობასთან მიმდინარე პროტესტს აშუქებდნენ; ამის შემდეგ, მათთან მივიდა დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელი და ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა;
- მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა სხვა გასასვლელისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც ასევე იქ მიმდინარე პროტესტს აშუქებდნენ, მათთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც, იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტებმა წარუდგინეს შენობაში საქმიანობისთვის, პარლამენტის მიერვე გაცემული შესაბამისი საშვი, ჯერ On.ge-ს რედაქტორი, შემდეგ კი "ნეტგაზეთისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევა.
- გამოცემა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტის ინფორმაციით, დავის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც ჟურნალისტები პარლამენტიდან გააძევა, თორნიკე ჯანელიძეა.
რა ხდებოდა დღეს პარლამენტში?
- დღეს, 2 მარტს, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი რუსული შინაარსის კანონპროექტს, საგარეო და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტებმა პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.
- ამის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის ნაწილმა შენობის წინ, და შენობაში გამართეს საპროტესტო აქცია და გააპროტესტეს ღიად ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიის, "ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობას სურს, დამოკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი "აგენტებად" გამოაცხადოს.
- "პუბლიკას" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი
- და "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი.
ჟურნალისტების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ", სადაც წერია, რომ:
- "ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა."
- დაკავებული კოლეგების გათავისუფლების მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ჟურნალისტები მივიდნენ.
სტატიის ფოტო: კადრი "ნეტგაზეთის" ვიდეოდან