"იმედის" ჟურნალისტის კრიტიკა რუსული შინაარსის კანონპროექტებს
07.03.2023

რა ხდება?

"იმედის კვირის" რეპორტიორმა, ქეთი ფარცხალაძემ, ფეისბუკზე დაწერა პოზიცია რუსული შინაარსის იმ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობას სურს, "აგენტებად" გამოაცხადოს დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ჟურნალისტის პოზიცია?

  • "იმედის კვირა" ტელეკომპანია "იმედის საკვირაო გადაცემაა, რომელიც პოლიტიკური შინაარსით, ღიად უჭერს მხარს როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე, "ხალხის ძალას".
  • ტელეკომპანია "იმედმა", საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში — 2021 წლის 18 ოქტომბერს საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა, რადგან "ვერ დაუშვებენ ნაციონალური მოძრაობის რევანშს".
  • "იმედი", სხვადასხვა კვლევებში, და მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოსტ-საარჩევნო პერიოდის კვლევაში მოხსენიებულია, როგორც ხელისუფლებისადმი მიკერძოებული ტელევიზია.

დეტალები:

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია:
  • ევროკავშირისა და შეერთებული შტატების კრიტიკული შეფასებები
"ახალ ინიციატივაზე შეშფოთებას რომ გამოხატავენ ევროკავშირში - შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთანო, როგორ არაა გასათვალისწინებელი?.. ამერიკა რომ გეუბნება - ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოშიო." 
  • სამოქალო პროტესტი
"უამრავი ის ადამიანიც რომ გამოხატავს შეშფოთებას ქვეყნის შიგნით, რომელსაც კანონი პირდაპირ არ ეხება, არასამთვრობო სექტორს არ წარმოადგენს (იმასაც ვერაფრით იტყვი ამ ხალხზე, არ წაუკითხავს, ისე საუბრობსო, ან წაკითხულის გააზრება უჭირსო),
  • ხელისუფლება იზოლაციაშია
"ასეთი ვნებათაღელვა რომ მოყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება, როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიცატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ქონდეთ?..
არგუმენტი ვერ იქნება, "ევროპა მიშას გათავისუფლებასაც გვთხოვს და გავათავისუფლოთ?"“ ვერც "არ უნდა ვიცოდეთ, რაღაც მოძრაობები საიდან მოდის?" და ა.შ და ა.შ", — დაწერა ქეთი ფარცხალაძემ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ