საერთაშორისო ორგანიზაციები "უცხოეთის აგენტების" კანონს აკრიტიკებენ
07.03.2023
ანტიდასავლური პარტიის "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გააკრიტიკა და საქართველოს პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" და "Human Rights Watch"

მთავარი გზავნილები "რეპორტიორები საზღვრების გარეშე"-ს განცხადებიდან:

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელი, ჟან კაველიე მოუწოდებს ქართველ პარლამენტარებს, რომ მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც აშორებს საქართველოს ევროპას. დამატებით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ:
  • "უცხოური აგენტების" კანონი საფრთხეა მედიის თავისუფლებისთვის და მისი რეალური მიზეზი პრესისა და NGO სექტორის მუშაობის შეფერხებაა.
  • ის შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისგან და მისი მიზანი მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და დაშინებაა.
  • "უცხოეთის აგენტის" სინონიმი ქართულში არის "უცხოეთის ჯაშუში".
  • კანონპროექტი ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონს, რომელიც 2017 წლიდან მედიაგამოცემებისა და ჟურნალისტების დევნისთვის გამოიყენება. ამ პრეცენდენტმა კი დაგვანახა მსგავსი კანონის დრამატული შედეგები.
  • საერთაშორისო დონეზე, კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ:

საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არცერთ ინიცირებულ კანონპროექტს, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ მედიისა და არასამთვრობო სექტორისთვის დაწესდება დამატებითი "მოთხოვნები"(წესები) და რეგულაციები გაშუქებისას, მათი დარღვევისთვის კი ადმინისტრაციული და სისხლის დანაშულები, რომელიც 5 წლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.

ასევე, აღნიშნულია, რომ ორივე კანონპროექტი:
  • მიმართულია კრიტიკული ჯგუფებისა და მედიის შეზღუდვისკენ
  • არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს
  • სერიოზულად დააზიანებს დემოკრატიულ ღირებულებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ინდივიდებს
ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროების ხელმძღვანელი, ჰიუ ვილიამსონი აცხადებს, რომ "უცხოეთის აგენტის" კანონპროექტის მიზანია დამოუკიდებელი და საჯარო ინტერესისთვის მომუშავე მედიის დისკრედიტაცია და მარგინალიზება".

რა უნდა გვახსოვდეს ამ კანონპროექტზე?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 6 მარტს განაცხადა, რომ "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ ორივე კანონპროექტს, 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა საქართველოს პარლამენტმა "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დაანონსებული 9 მარტის ნაცვლად, დღესვე (7 მარტს) დაჩქარებულად დაიწყო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

"ოცნების" მიერ მხარდაჭერილი და ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია დასახელებული.
  • 2022 წლის ბოლოს, ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ