"იმედის" რამდენიმე ჟურნალისტი საქართველოს იზოლაციის საფრთხეს ხედავს
08.03.2023
ტელეკომპანია "იმედის" რამდენიმე ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ "აგენტების შესახებ" კანონპროექტებთან დაკავშირებული პროცესები, საქართველოსთვის იზოლაციის საფრთხეს ქმნის, საქართველოს მომავალი კი — ევროპაშია.

ამ შინაარსით, ფეისბუკზე დაწერეს სოფო ბერიძემ, რუსა შელიამ, ქეთი ფარცხალაძემ.

  • "არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ!", — წერია რუსა შელიას სტატუსში. ის "იმედის" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტია.

სოფო ბერიძე, წლებია, "ქრონიკის" ჟურნალისტია, რომელიც მიიჩნევს, რომ:
  • "დღესაც და სულ, საქართველოს მომავალი ევროპაშია. ყველა კანონი, რომელმაც შეიძლება იზოლაციამდე მიგვიყვანოს, ცუდია."

"იმედის" ორივე ჟურნალისტმა ამის შესახებ დაწერა მას შემდეგ, რაც რუსული შინაარსის კანონის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

მანამდე,
ასევე, ფეისბუკზე გამოაქვეყნა სტატუსი ქეთი ფარცხალაძემ — არხის საკვირაო გადაცემის, "იმედის კვირის" რეპორტიორმა.
  • "[...] ასეთი ვნებათაღელვა რომ მოჰყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება, როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიცატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ქონდეთ?", — წერს ფარხალაძე.
ცალკეული ჟურნალისტების პოზიციის მიუხედავად,
  • არხი მხარს უჭერს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოზიციებს საინფორმაციო გამოშვებებსა თუ პოლიტკურ-ანალიტიკურ გადაცემებში.
  • მხარს უჭერს ღიად ანტიდასავლურ "ხალხის ძალას", რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილია.
  • ტელეკომპანიამ, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, 2021 წლის 18 ოქტომბერს საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა, რადგან "ვერ დაუშვებენ ნაციონალური მოძრაობის რევანშს".

რა უნდა გვახსოვდეს კანონპროექტებზე "აგენტების შესახებ"

"ოცნების" მიერ მხარდაჭერილი და ღიად ანტიდასავლური "ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია დასახელებული.
  • 2022 წლის ბოლოს, ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.

ანტიდასავლური პარტიის "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გააკრიტიკა და საქართველოს პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" და "Human Rights Watch". დეტალები

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ