12.03.2023
- ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვა.
- ის 13 წელი მუშაობდა "კურიერში" — არხის საინფორმაციო სამსახურში.
- იყო კორესპონდენტი და ასევე, სხვადასხვა დროს, დილისა და დღის საინფორმაციო გამოშვებების პროდიუსერი.
რა ვიცით?
- არხს განცხადებით 3 მარტს მიმართა. კონტრაქტი, ოფიციალურად, განცხადების დაწერიდან 1 თვეში, 2 აპრილს შეწყდება.
- წამოსვლამდე, ესაუბრა ნინო შუბლაძეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსს. უკვე დაემშვიდობა ხელმძღვანელ პირებს და გუნდს, მაგრამ არხის დატოვების მიზეზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.
"რუსთავი 2"-ის პოზიცია:
ტელევიზია ადასტურებს არხიდან ჟურნალისტის წასვლას.
- "სალომე, ბოლო პერიოდში პროდიუსერად გადავიყვანეთ, რადგან არხმა მიიჩნია, რომ ის ამ პოზიციაზე უფრო მეტად გვჭირდებოდა, ვიდრე კორესპონდენტად. ეს აღმოჩნდა მისთვის არხის დატოვების მოტივაცია — გადაწყვიტა, სხვა არხზე განაგრძოს რეპორტიორობა, რადგან რეპორტიორობაა მისი არჩევანი, — გვითხრა ნინო შუბლაძემ, "კურიერის" ხელმძღვანელმა.
რას ამბობს სალომე ბოკუჩავა
- "ვინც მიცნობს, იცის, რომ მუდამ "რუსთავი 2"-ის ლოგოს სადარაჯოზე ვიყავი, მაგრამ ხანდახან, არსებობს მომეტი, როდესაც ისტორიის დასასრული დგება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
ასევე, ჟურნალისტმა გვითხრა, რომ:
- თანამდებობრივ პოზიციაზე საუბარი არც ნინო შუბლაძესთან, და არც ვინმე სხვასთან, საერთოდ არ ყოფილა — "მითუმეტეს, რომ ეს იყო დროებითი პოზიცია";
- ასეთი წვრილმანი, წასვლის მიზეზი ვერ გახდებოდა;
- მიზეზებზე საჯაროდ მხოლოდ იმის გამო არ საუბრობს, რომ არხზე ტოვებს მეგობრებს, ვისთანაც 13 წელი იმუშავა.