სასამართლომ, ჟურნალისტზე თავდამსხმელი "ალტ ინფოს" აქტივისტი 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
21.03.2023
"ტვ პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ძალადობრივი და პრორუსული მოძრაობა "ალტ ინფოს" აქტივისტი მამუკა ანდღულაძე თავისუფალია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჟურნალისტის სამართლებრივ უფლებებს "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე იცავს. უფლებადამცველმა გვითხრა, რომ გოგელია თავს დაცულად არ გრძნობს, რადგან ისევ უგზავნიან მუქარის შემცველ წერილებს, რომელიც მიმართულია როგორც უშუალოდ ჟურნალისტის, ასევე, მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ.

კაპანაძის პოზიციით:
  • მთავარი ინტერესია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მუშაობდნენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, და არავინ ესხმოდეთ თავს შეკითხვის დასმის გამო.
  • გოგელიაზე თავდასხმის საქმეზე, ანდღულაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებით, სამართლებრივი პროცესი არ ამოწურულა.
ამით კაპანაძე მიუთითებს მუქარის შემცველ წერილებზე, რომელსაც გოგელია შვილების მისამართითაც იღებს, მათ შორის, დღესაც.

"მედიაომბუდსმენმა" გვითხრა, რომ დღეს, 21 მარტს, შესაბამისი ფაქტებით განმეორებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ "ეს გარემოებები არ დარჩეს ყურადღების მიღმა".

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე ეხება არამხოლოდ ჟურნალისტს, არამედ, მის არასრულწლოვან შვილებსაც, ამიტომ, მაღალი იქნება ინტერესი სამართალდამცავი უწყებების მიმართ, რომ შეისწავლონ დეტალები და ფაქტების შესაბამისად იმოქმედონ.

"მთელი ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კიდევ ამით ერთხელ შევახსენოთ ძალადობისკენ მიდრეკილ ჯგუფებს, ყოველთვის გვექნება სამართლებრივი რეაგირება ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე, ისევე, როგორც მათ მიმართ მუქარებზე", — გვითხრა "მედიაომბუდსმენის" დირექტორმა.



კონტექსტი:
  • ჟურნალისტზე თავდასხმას წინ უძღოდა 10 მარტს, რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკედირაციის მიზნით გაკეთებული განცხადებები, რომელიც შეიცავდა სიძულვილის ენას, რამაც წაახალისა მოძალადე ჯგუფები.
  • ძალადობრივმა "ალტ ინფოს" აქტივისტებმა 14 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. პირი, რომელმაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა, მამუკა ანდღულაძეა — ძალადობრივი "ალტ ინფოს" აქტივისტი.
  • 15 მარტს, ოზურგეთში, ჟურნალისტი ნატო გოგელია ანდღულაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა, რასაც მასზე ფიზიკური თავდასხმა მოჰყვა.
  • ანდღულაძე 17 მარტს დააკავეს.
სტატიის ფოტო: ალტ ინფო

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ