"გავრილოვის ღამეს" დაშავებული გურამ მურადოვი დაზარალებულად 4 წლის შემდეგ სცნეს
23.03.2023
ფოტორეპორტიორი გურამ მურადოვი, გამოცემა Civil.ge-ისთვის აშუქებდა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს, როდესაც საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დარბევისას, მრავალი დაზიანება მიიღო. მას რეზინის 11 ტყვია მოხვდა და ეს ნათლად ჩანს ადგილზე გადაღებულ ვიზუალურ მასალაშიც, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას თითქმის 4 წელი დასჭირდა, რომ მისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა.

მურადოვი, პროკურატურამ დღეს, 2023 წლის 23 მარტს ცნო დაზარალებულად.

"იმას, თუ რატომ მოხდა დღეს კონკრეტული პირისთვის (გურამ მურადოვისთის) დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, მაშინ როდესაც სათანადო სამართლებრივი და მტკიცებულებითი საფუძვლები ჯერ კიდევ წლების წინ არსებობდა, უნდა უპასუხოს გამოძიებამ. ჩვენ, ბუნებრივია, ის საკითხი, რომ პირების სათანადო სტატუსით აღჭურვა არ ხდებოდა გასაჩივრებული გვაქვს" - გვითხრა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) იურისტმა, დათა ჯავახიშვილმა.

რა არის პრობლემა?
  • უფლებადამცველების თქმით, პროკურატურის მიერ დაზარალებულთათვის სტატუსის მინიჭების მიუხედავად, მათ კვლავ არ აქვთ წვდომა საქმის მასალებზე.
  • ზოგიერთ შემთხვევაში, დაშავებულებს, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა იქამდე, ვიდრე მათი საქმეებს სტრასბურგში არ გაიგზავნა.
  • დღემდე დაკავებული არ არის ყველა სამართალდამცველი, რომელიც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
"საიასთან" ერთად, რამდენიმე დაზარალებული ჟურნალისტის ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს. მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი აქვთ: ზაზა სვანაძის, მერაბ ცაავასა და ბესლან კნუზოვის და აქციისას დაზიანებული კიდევ ერთი მოქალაქის, ვახტანგ ბერიკაშვილის საქმეები.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, - "დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას არაფერი შეუცვლია. ათამდე გამოვლენილი პირი, ვისთვისაც უნდა წარედგინათ ბრალი სავარაუდო დანაშაულის ჩადენაში, დღემდე არ გვყავს და არც სისხლის სამართლის მასალებზე მოგვცა წვდომამ პროკურატურამ. არადა, კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს".

კონტექსტი
  • 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაუძღვა - წაიკითხეთ ვრცლად.
  • აქციის გაშუქებისას, მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, სამართალდამცველები მაინც დამიზნებით ესროდნენ.
  • ჟურნალისტთა ნაწილი დღევანდელი მონაცემებით დაზარალებულად არის ცნობილი, ნაწილი კი სტატუსის მინიჭების მოლოდინშია.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ