18.04.2023
"პუბლიკას" დირექტორს, ჟურნალისტ ზურა ვარდიაშვილს, სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება დღეს, 2023 წლის 18 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა გამოაცხადა.
ვარდიაშვილი ამბობს, რომ:
- მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
- "ველოდი ყველაფერს, ჯარიმასაც, პატიმრობის შეფარდებასაც. ფაქტია, 2 მარტს დამაკავეს სრულიად უმიზეზოდ, უბრალოდ, აქციაზე დგომისთვის და ამას ახლა ჩემი დაჯარიმება მოჰყვა. ამით, ალბათ, უნდათ, სხვებსაც აგრძნობინონ, თუ გამოხვალთ [აქციებზე], თქვენც დაგაჯარიმებთო. ვნახოთ, რას მოუტანთ ეს პოლიტიკა."
ზურა ვარდიაშვილის ინტერესებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) იცავს.
სხდომის შემდეგ, საია-ს ადვოკატმა ილონა დიასამიძემ გვითხრა, რომ ჯარიმის შეფარდებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, მაგრამ:
- "გვაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ასეთი საქმეებისას ხდება-ხოლმე."
- საქმე ეხება 2023 წლის 2 მარტს, ჟურნალისტის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავების ფაქტს, როდესაც მედია და სამოქალაქო სექტორი აპროტესტებდა პარლამენტში რუსული შინაარსის კანონპროექტის საპროცედურო განხილვებს. პოლიციის ვერსიით, ვარდიაშვილი დააკავეს "წვრილმანი ხულიგნობისა" და "პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის".
- ვარდიაშვილთან ერთად, პოლიციამ 2 მარტს დააკავა ინტერნეტ-გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი.
- დაკავების შემდეგ, ორივე ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი, ხელმოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.