Meta-მ მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშები წაშალა
04.05.2023
Meta-მ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram ანგარიში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშალა.

მსგავსი ქსელი, საქართველოს გარდა, გამოვლინდა ვენესუელაში, ირანში, ჩინეთში, აშშ-ში, ბურკინა ფასოსა და ტოგოში.

რა ვიცით?

როგორც Facebook-ის კვარტალურ ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის უკან მყოფი ადამიანები თავიანთი რეალური ვინაობების დაფარვას ცდილობდნენ, გამოძიებამ მიაგნო ამ ქსელის კავშირს საქართველოს მთავრობის სტრატკომთან.
  • ქსელი ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ავრცელებდა მთავრობის მხარდასაჭერ კონტენტს, აზიარებდა ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიების პოსტებს.
  • ყალბი ანგარიშები პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებასა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
  • ყალბი ანგარიშები დაკავებული იყო ოპოზიციის კრიტიკით, განსაკუთრებით კი “რუსული კანონის” საწინააღმდეგო პროტესტისა და აქციების დროს.

Facebook-ის მონაცემებით, მხოლოდ ამ ქსელმა დაახლოებით $33 500 დახარჯა კონტენტის რეკლამირებისთვის.
  • ქსელი რამდენიმე აპლიკაციის, მათ შორის Facebook, Instagram და TikTok-ის მეშვეობით ორიენტირებული იყო შიდა აუდიტორიაზე.

რა არის კოორდინირებული არაავთენტური ქცევა?

Meta კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევად განიხილავს, როცა რამდენიმე გვერდი, ჯგუფი, პირადი ანგარიში ერთობლივად მუშაობს და საზოგადოება მათი ვინაობის შესახებ შეცდომაში შეჰყავთ.

  • იშლება როგორც ყალბი, ასევე რეალური ანგარიშები, რომლებიც არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევაში მონაწილეობენ.

Facebook-ს აქამდეც წაუშლია საქართველოდან გვერდებს არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამო.

  • 2020 წელს Facebook-მა 900-მდე ანგარიში წაშალა, რომელთა უმრავლესობა (790) კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ მედიაკომპანია "ესპერსონას" უკავშირდებოდა.
  • ასევე, წაიშალა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 80 გვერდი, 23 ფეისბუკის მომხმარებელი, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამის ანგარიში.
  • 2021 წელს Facebook-მა ქართულ მარშთან დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ