11.05.2023
- ადმინისტრაციის პრეტენზიით, არხმა არ გაითვალისწინა მათი თხოვნა, პირდაპირ ეთერში გადაეცა ღონისძიების გახსნის პირველი წუთები.
- პასუხად, პირველი არხი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე მიმართა მაუწყებლის პროდიუსერს. პირდაპირი ტრანსლირება კი სათანადო მომზადებას მოითხოვს.
დეტალები:
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით,- არხმა, ღონისძიება გააშუქა "მოამბის" ერთ-ერთ ბოლო რეპორტაჟად, პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, საინფორმაციო გამოშვების 27-ე წუთზე.
- "მაუწყებლის ვალდებულებაა, საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია", — მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით,
- პირდაპირი ტრანსლირება სათანადო მომზადებას მოითხოვს და ამის მოკლე დროში ორგანიზება “სერიოზული სირთულეა”;
- შესაბამისი თხოვნით, ადმინისტრაციიდან პროდიუსერს ღონისძიების დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ტელეფონით მიმართეს;
- "თუმცა, არც მაშინ მოგვაწოდეს ზუსტი ინფორმაცია ქრონომეტრაჟის, კონკრეტული ეპიზოდის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვა) დროის შესახებ", — რაც, მათი თქმით, პროგრამის დაგეგმვისა და ტექნიკური მომზადების პროცესისთვის აუცილებელი პირობებია.
- "პრეზიდენტის მიმართვა პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა, თუმცა, სრულად გავაშუქეთ საინფორმაციო გამოშვებაში", — წერენ განცხადებაში და შესაბამის ბმულებს მიუთითებენ.
მართლაც მხოლოდ ერთი საათით ადრე მიმართეს მაუწყებელს თხოვნით პირდაპირი ტრანსლაციის შესახებ?
- არა — გვიპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დამატებითი დეტალების გარეშე.
რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
"მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ციტირებულ ჩანაწერთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელს პროგრამული პრიორიტეტიც ავალდებულებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და პროცესების გაშუქებას.რამდენად ასრულებს მაუწყებელი ნაკისრ პრიორიტეტებს, ამას სამეურვეო საბჭო აფასებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
რას ამბობენ სამეურვეო საბჭოს წევრები?
საზმაუს დირექტორთან ერთად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადების ადრესატები სამეურვეო საბჭოს წევრებიც არიან. საბჭოს ცხრიდან ორ წევრს, ლაშა ტუღუშსა და ზაზა აბაშიძეს ადმინისტრაციის განცხადების შინაარსზე კომენტარი მანამდე ვთხოვეთ, ვიდრე პირველი არხი საპასუხო განცხადებას გამოაქვეყნებდა — მაუწყებელმა, პრეზიდენტს მხოლოდ 18 საათის შემდეგ უპასუხა. ბორდის წევრებს კი, ტელევიზიის პოზიციის ცოდნის გარეშე გაუჭირდათ ამ კონკრეტული შემთხვევის შეფასება, თუმცა, ზოგადად, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია:- მაუწყებელი მაქსიმალურად ჯეროვნად ასრულებდეს ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებას.
- "ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქართველი ხალხისთვის შარლ მიშელის მიმართვა კი, სწორედ ასეთ შემთხვევად უნდა მივიჩნიოთ", — გვითხრა ზაზა აბაშიძემ.
- "ასეთი საკითხები მეტად პრიორიტეტული უნდა იყოს, — ამბობს ლაშა ტუღუში, — ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროინტეგრაციის საკითხების გაშუქების თაობაზე, პირველი არხის მიმართ კრიტიკულები შეიძლება იყვნენ ბორდის წევრები."
- "თუ ევროინტეგრაციის ნაწილში, ვინმე გაბედავს პრიორიტეტებიდან გადახვევას, ეს იქნება კანონის პირდაპირი და უხეში დარღვევა", — გვითხრა ზაზა აბაშიძემ.
ვცადეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შინაარსზე შეფასება მოგვესმინა სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელისგან, ვასილ მაღლაფერიძესგან, მაგრამ ჩვენს ზარებსა და მესიჯს არ უპასუხა.
რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?