მედიაომბუდსმენი On.ge-ს რედაქტორისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
18.05.2023
მედიაომბუდსმენი ჟურნალისტ თამარ გეგიძისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მიმართავს.

რა მოხდა

2 მარტს პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით გააძევეს On.ge-ს რედაქტორი, ტელეკომპანია "ფორმულას" ფოტორეპორტიორი და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი.
  • სამივე მათგანი პარლამენტის შენობიდან, დღის განმავლობაში აშუქებდა საპროტესტო აქციებსა და პროცესებს, რომელიც საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში, რუსული კანონის მოსმენის პარალელურად მიმდინარეობდა.
  • ჟურნალისტებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოწმის სახით მისცეს ჩვენებები, თუმცა სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მინიჭებული არ აქვთ.

16 მაისს მედიაომბუდსმენმა პროკურატურას განმეორებით გაუგზავნა მოთხოვნა საქმეზე სისხლის სამართლის 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

  • ორგანიზაცია ასევე ითხოვს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში გატარებული ზომებისა და რეაგირების შესახებ.
  • გამოძევების შემდეგ ჟურნალისტებმა ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართეს.
დეტალები
  • 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას მედიის 21 წარმომადგენელი დაზარალდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 8 მათგანს.
  • მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში, მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.
ადმინისტრაციული საჩივარი

მედიაომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია აქციების დაშლის სამართლებრივი საფუძვლების და პასუხისმგებელი პირების შესახებ, ასევე გამოყენებული ადამიანური და ტექნიკური რესურსების თაობაზე.

  • განცხადებების უპასუხოდ დატოვების შემდეგ, მედიაომბუდსმენმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ