სააპელაციომ კვესიტაძეს რუსთავი2-სთვის 25 000 ლარის გადახდა დააკისრა
18.05.2023
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთავარ არხში მუშაობის დაწყების გამო, ეკა კვესიტაძეს რუსთავი2-სთვის 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ჟურნალისტის უფლებადამცველი ორგანიზაცია საია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რა ხდება
  • რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში თავად ეკა კვესიტაძემ შეიტანა.
  • ჟურნალისტი ითხოვდა, დისკრიმინაციული მოტივების გამო, მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურებას.
  • საქალაქომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2022 წლის 10 ივნისს გამოაცხადა - კვესიტაძის გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და რუსთავი 2-ს მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დააკისრა.
  • შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც მთავარ არხში გადასვლას გულისხმობდა, თავად კვესიტაძეს 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.
როგორ აფასებენ სააპელაციოს გადაწყვეტილებას
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სააპელაციომ გააგრძელა მანკიერი პრაქტიკა, რომელიც არღვევს შრომით კანონმდებლობას.
  • “ამ ერთი გადაწყვეტილებით მხოლოდ კვესიტაძის უფლებები არ დაურღვევიათ. დაარღვიეს ყველა იმ დასაქმებულების უფლება, ვისაც აქვს მსგავსი დავა ან სამომავლოდ ექნება”.
“ეს არ არის მხოლოდ ჩემი საქმე, ეს არის საქმე, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს. პოლიტიკური დევნით იწყება უფრო მსხვილი პოლიტიკური ფიგურებით, ან ჟურნალისტით და შემდეგ უკვე მოდიან ჩვეულებრივი ადამიანები”, - თქვა კვესიტაძემ.

კონტექსტი
  • ეკა კვესიტაძე რუსთავის 2-დან 2019 წელს გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაშის ცნობის შესახებ.
  • მფლობელის შეცვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიკავა. სწორედ მან მიიღო ეკა კვესიტაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება, 2019 წლის აგვისტოში, ნოდარ მელაძესთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან და გიორგი ლაფერაშვილთან ერთად. მიზეზად კი, ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.
  • იმავე პერიდში ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ