24.05.2023
მედიაკოალიციის შეფასებით, ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესის მიზნებს.
ვინ არიან ინიციატორები?
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები ქართული ოცნებიდან, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და ალუდა ღუდუშაური.
რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში
- სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდება 9-დან 11-მდე;
- კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, დამატებითი ორი კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს;
- უქმდება სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ექვს წლამდე;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში, რადიოსა და სხვ.
იცვლება გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე,
- რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება,
- მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება,
- მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის.
იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა.
- დღეს მოქმედი კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით;
- კანონპროექტით, 2026 წლის 1 იანვრამდე დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
შეფასებები
მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით:
- ცვლილებების პროექტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესის მიზნებს;
- არ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს;
- აგრძელებს ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს;
- უზრუნველყოფს “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის უფლებამოსილების კიდევ უფრო გაზრდასა და გავლენის გახანგრძლივებას.
“საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიუკერძოებელი გაშუქებისა და საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად” - ვკითხულობთ განცხადებაში.
კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას:
- შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესი და გაიწვიოს მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მომტანი კანონპროექტი.
- ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების და მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ გადადგას რეალური ნაბიჯები მაუწყებლობის შესახებ კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მისაღწევად.
რას ფიქრობს მაღლაფერიძე
23 მაისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, სადაც მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიშს წარადგენდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ კანონპროექტის შესახებ ჰკითხა, თუ რატომ გახდა სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდა საჭირო.
რაზეც მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ ის ასეთ საკითხებს არ წყვეტდა - "რომ გითხრათ, ამის შემდეგ სამოთხე დამყარდება, ვერ გეტყვით” - თქვა სამეურვეო საბჭოს თავმდჯომარემ.
რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?