"ფორმულას" თანამშრომლებმა ახალი ორგანიზაცია დააფუძნეს - რა ვიცით
09.06.2023
ა(ა)იპ "თავისუფლების ფორმულა" ოფიციალურად დაფუძნდა და გამგეობის თავმჯდომარედ ნინო ჟიჟილაშვილი არიჩიეს

რა ხდება?
  • "ფორმულას" თანამშრომლებმა ორგანიზაცია "თავისუფლების ფორმულა" დააფუძნეს და სამართლებრივად, არასამეწარმეო იურიდიული პირის (ააიპ) სტატუსით, საჯარო რეესტრში უკვე დაარეგისტრირეს.
  • არხის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციას გადასცა ტელევიზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა კუთვნილი წილის ნახევარი — 25 პროცენტი და ეს უკვე ნოტარიულად დამოწმდა.
თუმცა, პრობლემაა, რომ გარიგების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში ვერ ხერხდება, რადგან:
  • “კეზერაშვილის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა და სახელმწიფომ უარი უთხრა დოკუმენტის განახლებაზე, რადგან ის ძებნილია", — ამბობს გუმბარიძე.
როგორ აპირებენ ამ სამართლებრივი ბარიერის გადალახვას?

გენერალური დირექტორის თქმით, "სხვა გზებზე მუშაობენ", რასაც ცოტა ხანში გააცნობენ საზოგადოებას.
  • "თუმცა, დარეგისტრირდება თუ არა დოკუმენტი, მას უკვე აქვს იურიდიული ძალა, რადგან ნოტარიულად დამოწმებულია კეზერაშვილის ნება, ამ ორგანიზაციას გადასცეს წილის ნახევარი", — გვითხრა ზუკა გუმბარიძემ.

დეტალები:
ორგანიზაციის დაფუძნების ეს პროცესი მოჰყვა ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც მიუთითებენ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის კავშირებზე გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან.
  • "თავისუფლების ფორმულა" ტელეკომპანიის 39-მა თანამშრომელმა დააფუძნა. მათ შორის არიან არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანები და ახალი ამბების პროდიუსერები.
  • ორგანიზაციის მმართველობის ორგანო 11 წევრისგან შედგება.
  • წესდებაში მითითებულია, რომ წევრებმა, "თავისუფლების ფორმულას" გამგეობის თავმჯდომარედ ნინო ჟიჟილაშვილი ერთი წლის ვადით აირჩიეს. ის არის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი "ფორმულაზე".
მმართველობის ორგანოს შემადგენლობაა:
  • ლევან ლომინაძე
  • სალომე თავაძე
  • მარიამ ბაჯელიძე
  • ირაკლი კიკნაველიძე
  • ნანა ინწკირველი
  • ელისო ჯარიაშვილი
  • ირაკლი ტაბლიაშვილი
  • მარიამ ფანქველაშვილი
  • სოფიო ხუნწარია
  • რატი მუჯირი.

"თავისუფლების ფორმულას" შემადგენლობა ორგანიზაციის დაფუძნების ერთ-ერთ მიზნად მედიის ადვოკატირების მიმართულებას ასახელებს.

კომენტარები:
ზუკა გუმბარიძე, ტელევიზიის გენერალური დირექტორი:
  • "ამით შევქმენით იურიდიული მექანიზმი, რამაც ისე შეცვალა დამფუძნებელთა სტრუქტურა, რომ ვერც ერთი კონკრეტული დამფუძნებელი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს".
გუმბარიძე განმარტავს, რომ ცვლილების მიზანია, "ფორმულას" სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.
  • "რაც, აქამდეც ასე იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამას იურიდიული ფორმაც ექნება", — თქვა მან "ბილტმორში" გამართულ ღონისძიებაზე, სადაც დაფუძნების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

ნინო ჟიჟილაშვილი, ჟურნალისტი, "თავისუფლების ფორმულას" გამგეობის თავმჯდომარე:
  • "ახლა, ამ ორგანიზაციის დაფუძნებით, გამიჩნდა განცდა, რომ ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხები".
არქივიდან: კეზერაშვილი ფორმულას წილებს თმობს, რა ხდება?

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ