12.06.2023
საფრთხეებია, რომ:
- სახელმწიფო ორგანომ, კომუნიკაციების კომისიამ, გავლენა იქონიოს გადასახადების გადამხდელთა დაფინანსებული მაუწყებლის შიდა საქმეებზე.
- ინიციატივა მათ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დამატებით ორი წევრის წარგენის შესაძლებლობას აძლევს, რაც შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს საზმაუს ბორდში მთავრობის ერთგული უმრავლესობის ფორმირებისთვის.
- ეს საფრთხეა პირველი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპების დასაცავად და ზოგადად, საზოგადოებირივი მაუწყებლის იდეისთვის, რის საფასურსაც ყველა ჩვენგანი ვიხდით და წელს, 2023-ში, ეს თითქმის 86 მილიონია სახელმწიფო ხაზინიდან.
- რეალური ხდება საფრთხე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხის სარედაქციო "ორბიტაზე" აღმოჩნდეს.
მანამდე გავიხსენოთ:
- რისთვის გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა არის მისი ინსტიტუციური როლი, რათა უკეთ გავიაზროთ — რა არის დასაცავი, რას ექმნება საფრთხე.
- ქართული სატელევიზიო მედია, პოლიტიკის მსგავსად, პოლარიზებულია.
- მოსახლეობას აქვს უნდობლობა ტელევიზიების მიმართ:
- NDI-ის შედეგით, ეს არის კვლევის მონაწილეთა 51%, IRI-ის მიხედვით — 23%.
- ინფორმაციის უნდობლობა ზრდის არაინფორმირებულობის რისკებს, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს რიგითი ამომრჩევლის არჩევანზე არჩევნების დღეს.
- ინფორმირებული მოქალაქის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან დემოკრატიის პრინციპი არჩევითობას ემყარება, არჩევანს კი, ინფორმირება განსაზღვრავს.
და რა კავშირშია ამ გამოწვევებთან საზოგადოებრივი მაუწყებელი?
საზმაუს ინსტიტუციური როლი, უპირველესად, სწორედ მიუკერძოებელი ინფორმირების უზრუნველყოფას ეყრდნობა."საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია:
- უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა,
- სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;
- სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება", — წერია საქართველოს კანონში "მაუწყებლობის შესახებ."
რა განასხვავებს მას კერძო მაუწყებლებისგან?
- კერძო მაუწყებლებს ასეთი ვალდებულება არ აკისრიათ. მათ აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ სარედაქციო პოლიტიკური გემოვნება და ეს ასეა მთელ მსოფლიოში.
- ამან შექმნა სანდო და მიუკერძოებელი მაუწყებლის არსებობის აუცილებლობა, რომელსაც არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, არამედ მოსახლეობა, ხალხი დააფინანსებდა.
მსოფლიოს პირველ საზოგადოებრივ მაუწყებლად მიიჩნევა BBC (*ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია), რომელიც 1922 წელს, კერძო მაუწყებლების არაკომერციულ ალტერნატივად, ამ პირობებით დაარსდა:
- უზრუნველყოს საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბები, განათლება და გართობა.
2004 წელს, პირველი არხის სტატუსი შეიცვალა და სახელმწიფო ტელევიზიიდან - საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირება მოხდა.
- თუმცა, მას შემდეგ, მუდმივად არსებობს მოსაზრებები, რომ არხის პოლიტიკას განკარგავს ის პოლიტიკური ძალა, ვინც მთავრობაშია. ასეთი მოცემულობა კი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია საზმაუს არსთან.
ეს რომ ასე არ ხდებოდეს, დაკანონდა მერვეთა საბჭოს მექანიზმი, რომლის ცხრა წევრიდან სამ-სამს საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა წარადგენს, ორს - სახალხო დამცველი და ერთს - აჭარის უმაღლესი საბჭო.
რა გავლენა აქვთ მეურვეებს?
- გადამწყვეტი.
არგუმენტები: რატომ უნდა გვაღელვებდეს მმართველი პარტიის ინიციატივა?
ახალი საკანომდებლო ინიციატივა აჩენს რისკს, ხელისუფლების სასარგებლოდ გაიზარდოს მეურვეთა რაოდენობა, რადგან, ინიციატორთა ჯგუფი, რომელთაც "ოცნებიდან" დეპუტატი რატი იონათამიშვილი წარმოადგენს, მიზნად ისახავს, კომუნიკაციების კომისიასაც შეეძლოს დამატებით ორი მეურვის კანდიდატის წარდგენა საზოგადოებრივ მაუწყებელში.- კომუნიკაციების კომისია არის სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს კახა ბექაური, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის — "მეცხრე არხის" ყოფილი დირექტორი. მეტი
- ასევე, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში მუშაობდა ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ახლა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა.
- "მედიაომბუდსმენი", მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, ბექაურისა და მაღლაფერიძის მეგობრულ კავშირზეც მიანიშნებს: "საკანონმდებლო ცვლილება საბოლოოდ ჩამოაყალიბებს კლანურ მმართველობას საზოგადოებრივ მაუწყებლებში", — წერია მათს განხცხადებაში.
მარიამ გოგოსაშვილი, ორგანიზაცია "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" დირექტორი, ერთ-ერთია მედიის საკითხებზე მომუშავე პროფესიული ჯგუფებიდან, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვებს ესწრებოდა, მაგრამ დეპუტატ რატი იონათამიშვილისგან ვერ მიიღო დასაბუთებული არგუმენტები, რა მიზანი აქვს მეურვეთა რაოდენობის გაზრდას, თანაც, მაინცდამაინც სახელმწიფო ორგანოს კვოტით.
სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრებოდეს სხდომებს. დღევანდელი მოცემულობით, ეს არის ცხრიდან ხუთი წევრი.
მარიამ გოგოსაშვილმა გვითხრა, რომ შესაძლოა, მიზეზი ფუნქციონირებადი და ამავდროულად, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების მიმართ ერთგული საბჭოს ფორმირება იყოს.
რით ხსნის ამას?
- "იმ დაშვებით, თუ "ოცნება" მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმცირესობისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგინებულ კანდიდატებს, რისი პრაქტიკაც აქამდეც გვინახავს, კომუნიკაციების კომისიის კვოტით არჩეული ორი წევრის ხარჯზე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ერთგული და ამავდროულად, ფუნქციონირებადი 6-წევრიანი ბორდი, რაც, წესის მიხედვით, საკმარისია გადაწყვეტილებების მისაღებად."
პრობლემაა ისიც, რომ თუ ამ ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს, პირველი არხის თანამშრომელს მიეცემა უფლება, იმავდროულად მუშაობდეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოშიც.
მაგალითად,
პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი შესაძლოა, პარლალურად ხელმძღვანელობდეს აჭარის საინფორმაციო სამსახურს, რაც ორ სხვადასხვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთი პოლიტკური გემოვნების საინფორმაციო პრიორიტეტების ქვეშ მოაქცევს.
- "ეს დაშვებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ვიფიქროთ, რომ საკანონმდებლო წინადადება კონკრეტულ ინტერესებს ერგება", — ამბობს გოგოსაშვილი.
ამავე თემაზე: სახელმწიფო მარეგულირებელი საზმაუს ბორდში? — ინიციატივა და საფრთხე