რა ემუქრება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, თუ დეზინფორმაციას ვერ შევაჩერებთ
21.06.2023
დეზინფორმაციის მიზანია, საზოგადოებას დააჯეროს სიცრუე, რათა დამალოს სიმართლე. ამ ნიშნით, ბევრმა ქვეყანამ აღიარა ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად და მასთან ეფექტური ბრძოლის გზებს ეძებს.

  • გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ისევე, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე დეზინფორმაციის გავლენის ზიანის შესამცირებლად სპეციალური დანაყოფები შექმნეს.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააარსა გლობალური ჩართულობის ცენტრი, რომელიც მოკავშირეებთან ერთად უპირისპირდება ისეთ დეზინფორმაციულ კამპანიებს, რომელსაც გავლენა აქვს პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

საქართველო, რუსეთის პროპაგანდისტულ ეკოსისტემაში

  • სწორედ გლობალური ჩართულობის ცენტრის 2020 წლის ანგარიშშია მოხსენიებული საქართველო, როგორც "რუსეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ეკოსისტემის საყრდენი".
პრობლემაა, რომ:
  • ანგარიშში დასახელებული რუსული პროპაგანდისტული "News Front"-ი, დღემდე ავრცელებს ქართულ ენაზე მასალებს ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილების გასავრცელებლად.
  • საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და მათთან დაკავშირებული პროპაგანდისტების ანტიდასავლური განცხადებები კი, მათი შინაარსის ერთ-ერთ ძირითად ნაწილად იქცა.
რა არის მიზანი?
  • "დაპირისპირებისა და აგრესიის გაღვივება" და "პოლიტიკური პოლარიზაცია" — ვკითხულობთ “გლობალური ჩართულობის ცენტრის” დოკუმენტში ამ პროპაგანდისტული ვებგვერდის შესახებ.

საქართველო: ვაღიარებთ, მაგრამ არ ვებრძვით?

ის, რომ რუსული დეზინფორმაცია ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ხელისუფლებაში მყოფმა "ოცნების" გუნდმა არაერთხელ აღიარა კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებულ დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით.

ეს კი ის დოკუმენტია, რომელიც მოიცავს საქართველოს თავდაცვის სტრატეგიას 2021-2025 წლებისთვის. სამინისტრომ, 2021 წელს დაწერა, რომ:
  • "რუსეთი გააგრძელებს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციის მიზნით".
პროგნოზი ახდა:
  • 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსულმა დეზინფორმაციამ ახალი მასშტაბი მიიღო.
და თუ მანამდე "ოცნების" ხელისუფლება ოფიციალურ დოკუმენტებში ანტიდასავლური განწყობების დანერგვას საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის მიზნად ასახელებდა, ახლა, იმავე ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსნები იქცნენ ამ მიზნის რეალიზების ნაწილად, საჯარო განცხადებებითა და კონსტიტუციურ პრიორიტეტებს აცდენილი საგარეო კურსით, რამაც გააჩინა მნიშვნელოვანი დაბრკოლება სტრატეგიულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობასა და ევროინტეგრაციის პროცესში.
  • "დღეს, დეზინფორმაციული ოპერაციები ხორციელდება არა "გრუს" ან "ეფესბეს", არამედ "ოცნების" მეშვეობით, — გვითხრა თეონა აქუბარდიამ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, — "რუსულ დეზინფორმაციას ეროვნულ დონეზე უნდა ებრძოდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც გვაქვს, მაგრამ არ მუშაობს."
  • აქუბარდია პოლიტიკური ნების არქონას უკავშირებს სახელმწიფოს უმოქმედობას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

ის იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში და უშუალოდ იყო ჩართული პროცესში, როდესაც 2016 წლიდან, საქართველომ დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების შექმნა დაიწყო.
  • ამის მიზანი რუსულ დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლა იყო, მაგრამ თეონა აქუბარდიას შეფასებით, ახლა ეს სტრუქტურები ემსახურებიან მმართველი პარტიის და არა — ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.

რუსულ დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლისკენ, რეკომენდაციებით მიმართა ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენმა" საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტსა და კომუნიკაციების კომისიას გასული წლის აგვისტოში, თუმცა, ამას უწყებებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არ მოჰყოლია.

რეკომენდაციები კომპლექსურია და მათ შორისაა,
  • განახლდეს ჰიბრიდული საფრთხეების მარეგულირებელი პოლიტიკა სახელმწიფო უშიშროების და უსაფრთხოების მისაღწევად.
  • პარლამენტმა რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის შესახებ ჩაატაროს თემატური გამოძიება, შედეგები კი, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

რა შეიძლება იყოს უმოქმედობის შედეგი?

დეზინფორმაციას შეუძლია:
  • საზოგადოებაში განხეთქილების კერების შექმნა გახლეჩის, პოლარიზების მიზნით.
  • ამით საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

დეზინფორმაციასთან წინააღმდეგობის გაწევა გადამწყვეტია ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიული პროცესების, სოციალური ერთობის დასაცავად.
  • მასთან ბრძოლა უწყვეტი პროცესია.
  • ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც დეზინფორმაციას ეროვნულ საფრთხედ აღიარებენ, ამ გამოწვევის ეფექტურად დასაძლევად სტრატეგიების დახვეწას განაგრძობენ.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ