"ქარტია" პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს ცვლილებებს კანონში "მაუწყებლობის შესახებ"
03.07.2023
დღეს, 3 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პროექტი კანონში "მაუწყებლობის შესახებ".

ამით, სხვა ცვლილებებთან ერთად:
  • გააუქმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო;
  • პირველი არხის ბორდის შემადგენლობა გაზარდა 9-დან 11 წევრამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებული კვოტით.
  • აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი დაუქვემდებარა პირველი არხის ბორდს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ამ პოზიციაზე არჩევამდე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იყო.
"ეს ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად გარდაქმნას, რადგან აძლიერებს ვასილ მაღლაფერიძის გავლენებს და მმართველ უმრავლესობას აძლევს დამატებით ბერკეტებს, მოიპოვოს უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში", — ამბობს მარიამ გოგოსაშვილი, ორგანიზაცია "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" დირექტორი.

"ქარტია", საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ვეტო დაადოს ცვლილებების პროექტს, რადგან:

  • ეს, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მოწყობის პრინციპებს და აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს უქვემდებარებს;
  • კანონის მიღება მოხდა სწრაფად და საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, ჩართულიყო შეცვლილი კანონპროექტის განხილვაში;
  • მეორე მოსმენამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა მრჩეველთა საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით.

პოზიციები:

ნათია კაპანაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი:
  • "ვასილ მაღლაფერიძე და მისი გუნდი ოფიციალურად გახდნენ აჭარის მაუწყებლის შინაარსის და ფინანსების მმართველები;
  • აჭარის ტელევიზია და რადიო აღარასდროს იქნება ავტონომიურობის ერთ-ერთი ნიშანი".

მარიამ გოგოსაშვილი, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია":
  • "ხელისუფლებას არ ესმის არც რეგიონული მედიის, არც — საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობა."

მედიის ადვოკატირების კოალიცია (16 ორგანიზაციის გაერთიანება):
  • "კანონპროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება."

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის.
  • მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ისევე, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები, ინიციატორებს განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ, 
თუმცა, 
  • საპარლამენტო უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა და ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, რიგგარეშე სესიის ფარგლებში დაამტკიცა.

დეტალები: რატომ არის საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ