რა გავიგეთ გიორგი გაბუნიასგან და რა — ვერა
06.09.2023
გიორგი გაბუნიას განცხადების შემდეგ, "მედიაჩეკერს" ჰქონდა არაერთი მცდელობა, მკითხველისთვის მიეწოდებინა დამაზუსტებელი პასუხები კითხვებზე, რასაც "მთავარ არხთან" დაკავშირებით, ამავე არხის გენერალური დირექტორის განცხადებები აჩენს, თუმცა, გიორგი გაბუნიამ ჩვენს ზარებსა და მესიჯებს არ უპასუხა.


რა ხდება?
  • "ნაცების" ტელევიზია აღარ ვართ" — თქვა გიორგი გაბუნიამ, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2023 წლის 4 სექტემბერს, "მთავარი არხის" გადაცემაში "შენი შუადღე" — "ნაციონალურმა მოძრაობამ" აკეთოს საქმე და მე გავაშუქებ, რასაც ისინი გააკეთებენ, ან ვერ გააკეთებენ. უნდა მიხვდნენ, სად არის მათი ადგილი."

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
ამ სატელევიზიო გამოსვლისას, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა:
  • რა გავლენას ახდენდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე;
  • საინფორმაციო სამსახურში არსებულ თვითცენზურაზე;
  • "მთავარი არხის" კრიზისულ პერიოდზე, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა არხის დამფუძნებლისა და ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ;
  • "არხის გადარჩენის მიზნით", კადრებისა და ხელფასების შემცირებაზე, რისკენაც მას "პარტნიორებმა" უბიძგეს;
  • "ძალიან მაღალი ეშელონებიდან", მის მიმართ ზეწოლის მცდელობაზე, შეეჩერებინა "მთავარი არხის" მუშაობა;
  • და რომ არხის ჟურნალისტები, შიდა შეხვედრისას "ტაშით შეხვდნენ" მის განცხადებას, რომ "მთავარი არხი" აღარ იქნება "ნაცების" ტელევიზია.

რა გავიგეთ ტელეარხის გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან?

  • მისი თქმით, ტელევიზიის ჟურნალისტური შემადგენლობა წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" წნეხის ქვეშ იყო და აკეთებდნენ არა საკუთარ, არამედ — პოლიტიკური პარტიის საქმეს.
"რაღაცნაირად, ამ გუნდს სულ დაკისრებული ჰქონდა ვიღაცის [ენმ] საქმის კეთება. ჩვენ რამდენიც არ უნდა გვეთქვა, რომ ეს ასე არ არის, ყველა ხედავდა ამას".

გაბუნიამ "შენი შუადღის" წამყვანებს უთხრა, რომ მათთვის [სარედაქციო გუნდისთვის] გასაგები იყო, რომ "ნაცების ტელევიზიის" იარლიყს ტყუილად არ ატარებდნენ.
  • "თუმცა, ახლა, ძალიან დიდი სიამაყითა და ბედნიერებით შემიძლია ვთქვა, ასეთი რამ "რუსთავი 2"-დან მოყოლებული არ მომხდარა: ჩვენ ნამდვილად აღარ ვართ "ნაცების" ტელევიზია. წლები დასჭირდება, რომ ხალხმა ეს დაიჯეროს და იმისთვის, რომ მაყურებელმა ეს დააფიქსიროს, სისტემატურად უნდა უყუროს ეთერს", — თქვა გაბუნიამ.


სტრიქონებს შორის:
  • "მთავარი არხის" სარედაქციო შემადგენლობაშია იმ ჟურნალისტების ნაწილი, ვინც წლების განმავლობაში, 2019 წლის შემოდგომამდე მუშაობდა "რუსთავი 2"-ში, რომელსაც ნიკა გვარამია მართავდა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო ტელევიზიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებდა.
  • 2019 წლის 20 აგვისტოს, "კურიერის" წამყვანებმა "რუსთავი 2"-დან წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.
  • "რუსთავი 2" სხვა ჟურნალისტებმაც დატოვეს, ზოგი წამყვანი ახალმა მენეჯმენტმა გაათავისუფლა და მალევე, მათ გააგრძელეს მუშაობა ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის", რომელიც დააფუძნა ნიკა გვარამიამ (წილის 51-%-იანი საკუთრებით) და კახაბერ ანჯაფარიძემ (წილის 49%-იანი საკუთრებით).


გიორგი გაბუნიამ ასევე, თქვა, რომ:
  • მოუხდა შეემცირებინა კადრები და სახელფასო ანაზღაურება, რადგან ეს "პარტნიორების" მოთხოვნა იყო.
"გვითხრეს, გარკვეულ ნიშნულს გაძლევთ, ბიუჯეტს თუ დაწევთ ამ დონეზე, პრობლემა არ გექნებათ, დაგეხმარებითო… ჩვენ დავედით იმ ნიშნულზე, მაგრამ უცებ გვეუბნებიან, არა, მაინც არაფერი გამოდის, ვერანაირად დაგეხმარებითო", — გაბუნიას თქმით, ამის შემდეგ მან გუნდს გამოუცხადა, რომ არიან სრულიად მარტო და საკუთარ თავზე თავადვე უნდა იზრუნონ.

  • ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, გაბუნია "პარტნიორებისგან" განიცდიდა ზეწოლას, მიეღო გადაწყვეტილება ტელევიზიის დახურვის შესახებ
"მათი აბსურდული თეორია იყო, არხის დახურვა ნიკას დასჭირდება სტრასბურგშიო. ამბობდნენ, ის, რომ გვარამია არხის დასახურად დაიჭირეს, ახლა მხოლოდ თეორიაა, და რეალურად რომ დაიხურება, მერე ამას სტრასბურგი ფაქტად მიიღებსო".


რა ვერ გავიგეთ გაბუნიასგან?

გიორგი გაბუნიას მცდელობამ, ესაუბრა არხის ადმინისტრაციულ, თუ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, პასუხგაუცემელი კითხვებიც დატოვა. მაგალითად, ვერ გავიგეთ:
  • ვინ არიან "მეგობრები", თუ "პარტნიორები", რომლებმაც მას ტელევიზიის დახურვისკენ მოუწოდებდნენ.
  • ვის გულისხმობდა "ძალებში", თუ "მაღალ ეშელონებში", რომლებიც, მისივე თქმით, "არხის შიგნიდანაც ცდილობდნენ სიტუაციის არევას" და ეს უნდა გამოხატულიყო ჟურნალისტების მხრიდან "ბოიკოტით არხის მიმართ".

მისმა ნათქვამს, რომ არხის თანამშრომლები აქამდე "სხვებისთვის [ენმ] მუშაობდნენ", მოჰყვა წინააღმდეგობა ამავე არხის ანალიტიკური გადაცემის, "ღამის მთავარის" წამყვანისაგან — ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ საავტორო გადაცემის მონოლოგში თქვა, რომ გაბუნიას ეს ნათქვამი "უკიდურესად შეურაცხმყოფელი" იყო მისთვის, ისევე, როგორც ბევრი მისი კოლეგისთვის.


"მე არ ვიცი, რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი, სადაც თურმე, [პოლიტიკური წნეხისგან] გათავისუფლების ცნობას დიდი ოვაციები მოჰყვა, მე ამ შეკრებას არც დავსწრებივარ და არც არაფერი გამიგია ამის შესახებ", — თქვა ეკა კვესიტაძემ და ტელემაყურებელს უთხრა, რომ არასდროს დაუმალავს კრიტიკული შეხედულება ენმ-ს ლიდერების და მათ შორის, მიხელ სააკაშვილის მიმართაც:

"სწორედ იმ პერიოდში ვწერდი სააკაშვილთან ყველაზე მწვავე ინტერვიუებს, რომელსაც გაბუნია არხის არათავისუფლების პერიოდს უწოდებს. არადა, ჩემი თავისუფლების გარანტი არხის იმ დროინდელი დირექტორი [ნიკა გვარამია] იყო; სხვათა შორის, თავად გაბუნიასიც, რომლის მონოლოგებს არაერთხელ გამოუწვევია სკანდალი არხის გარშემო და გვარამია მისი გამოხატვის თავისუფლებას ბოლომდე იცავდა", — პასუხობს წამყვანი არხის დირექტორს, გაბუნიას.

ნიკა გვარამიას პოზიცია

"მთავარი არხი" არის მეტი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", — გვითხრა გვარამიამ "მედიაჩეკერის" პოდკასტში "მედიასა და პოლიტიკაზე", არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე პარტიის შესაძლო გავლენის კონტექსტში. გვარამიასთან ვისაუბრეთ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეწყალების აქტით, საპატიმრო დატოვა.

  • იმავეზე მიუთითებს "ღამის მთავარში" სტუმრობისას და ამავდროულად ამბობს, რომ ტელემაყურებლისთვის არასდროს დაუმალავს არხის პოლიტიკური გემოვნების შესახებ, თუმცა:
"ის რომ ჩვენ რომელიმე პარტიის გაგრძელება ვიყავით, არ ყოფილა ასე. შესაძლოა, პირიქით უფრო ყოფილიყო", — ამბობს ის.


ვიდეო: "მთავარი არხი", გადაცემა "ღამის მთავარი ეკა კვესიტაძესთან ერთად"

კონტექსტი:

  • 2022 წლის 18 იანვარს გიორგი გაბუნია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და იმავდროულად, გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა.
  • მანამდე ის იყო "მთავარი არხის" საკვირაო გადაცემის, "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი.
  • 2022 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით. ამ დროიდან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოზიცია დაიკავა გიორგი გაბუნიამ.
  • 2023 წლის 22 ივნისს, როდესაც ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა, თქვა, რომ ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს და რომ გენერალური დირექტორი მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგაც გიორგი გაბუნია იქნება.

არქივი: როგორ აღიქვამს ნიკა გვარამია პოლიტიკურ პროცესს 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ და რა არის "მთავარი არხის" ფინანსური კრიზისიდან დაღწევის გეგმა


ვიდეო: მედიაჩეკერი და პროექტი 64, პოდკასტი "მედიასა და პოლიტიკაზე"

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ