17.10.2023
ქრონოლოგია:
- 2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა, ასევე რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა. რა პრობლემები ქონდა კანონპროექტს წაიკითხეთ აქ.
- 2023 წლის ივლისში კი მიიღეს კიდევ ერთი ცვლილება, რომლითაც ეს ნაწილი გაუქმდა - მაშინ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღოლაშვილი აღნიშნავდა, რომ “ცვლილებების განხორციელებით გასწორდება მოქმედ კანონში არსებული ტექნიკური თუ შინაარსობრივი უზუსტობები”.
მარტივად რომ ვთქვათ, მოქმედი კანონმდებლობით, ნორმის დარღვევაზე მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი რეაგირება. გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.
თუმცა ახლა ინიციირებული კანონპროექტით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებაზე კვლავ ბრუნდება მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების მექანიზმი.
კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან:
- დავით სონღულაშვილი;
- ეკა სეფაშვილი;
- ბეჟან წაქაძე;
- ისკო დასენი;
- ირაკლი კირცხალია;
- ანტონ ობოლაშვილი;
- ირმა ზავრადაშვილი.
დეტალურად: რას ითვალისწინებს კანონპროექტი
- შესაძლებელი გახდება, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის დარღვევისას მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების კომისიაში გასაჩივრება.
- ასევე, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელებისას ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევებში, კომისია უფლებამოსილი იქნება რეაგირება მოახდინოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და დააკისროს დამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, მედიამომსახურების მიმწოდებლები ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონის მიღების შედეგად შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ტერორიზმისაკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე.
თუმცა ეს სადავო ცვლილებაა
მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით:
- მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვს.
კოალიცია მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ.
რას გულისხმობს ევროდირექტივა?
2014 წლის ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს დაეკისრა ვალდებულება, რომ აუდიოვიზუალური მედია მომსახურების სფეროში კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის მოქმედ რედაქციას დაუახლოვოს, მათ შორის:
- დაიცვას კულტურული მრავალფეროვნება, უზრუნველჰყოს მედია პლურალიზმი, გაზარდოს შშმ ადამიანების ხელმისაწვდომობა მედიაზე, შექმნას სიძულვილის ენისა და ტერორიზმის წაქეზების პრევენციის მექანიზმები და ა.შ.