"აპრილი" - ქალთა და ქვიარ თემებზე მომუშავე ახალი ონლაინმედია
30.10.2023
ქალთა და ქვიარ თემებზე მომუშავე ახალი ონლაინმედიის გაცხადებული პოზიციაა, რომ იბრძვიან თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის. "აპრილმა" მუშაობა ერთი თვის წინ დაიწყო.

მოკლედ, "აპრილის" შესახებ

  • “აპრილი” 2023 წლის 25 აპრილს ხუთმა ადამიანმა ოფიციალურად დაარეგისტრირა.
  • სანამ ახალ მედიასაშუალებას დააფუძნებდნენ გუნდი ონლაინგამოცემა “ქვიარში“ (Queer.ge) მუშაობდა.
  • 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ისინი “ქვიარს” ტოვებდნენ. მაშინ მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტები მიუთითებდნენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზაციაში განვითარდა გუნდისთვის მოულოდნელი და მიუღებელი პროცესები.

“აპრილის” როლი ქართულ მედიაგარემოში


გამოცემის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი ხატია ღოღობერიძე ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, საქართველოში მეინსტრიმული მედია ნაკლებად აშუქებს ქალებისა და ლგბტქია+ ადამიანების უფლებებს და მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს არა მხოლოდ ძალადობასა და უფლებების დარღვევას, არამედ პოზიტიურ გაშუქებასაც.

“მედია აპრილის პრინციპები და ღირებულებები დამყარებულია ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვიბრძვით თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის, ვართ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების სადარაჯოზე და ვეწინააღმდეგებით დისკრიმინაციას. გვჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და ა.შ.” - გვეუბნება ხატია ღოღობერიძე.

აპრილის მიზანია, იყოს მედიასაშუალება, რომელიც მისცემს ტრიბუნას მეინსტრიმული მედიისთვის ნაკლებად ხილვად ადამიანებს, ასევე, იმუშავებს ცნობიერების გაზრდასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე. ხატია ღოღობერიძე ამბობს, რომ "გაზრდილი პოლიტიკური ჰომოფობიის გამო, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია".

აპრილის რედაქტორი თამუნა გეგიძეა, რომელიც ადრე ონლაინგამოცემა "News.On.ge-ს" რედაქტორი იყო. მისი თქმით, სურს, უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ ისმოდეს არამხოლოდ ქალების და ლგბტქ+ ადამიანების, არამედ ყველა არადომინანტური ჯგუფის ხმა.

“მინდა, ამ ადამიანებისთვის გავხდეთ სანდო პლატფორმა, რომელსაც ნებისმიერ დროს მიმართავენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს იყოს უსაფრთხო სივრცე ყველასთვის: პლატფორმა, გადამოწმებულ ინფორმაციას და ყველა პერსპექტივას მიაწვდის საზოგადოებას, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად” - აღნიშნავს გეგიძე.

მედია მუშაობს როგორც ანალიტიკურ და გასართობ მასალებზე. ასევე ეხება ახალ ამბებსა და პოლიტიკას. თამუნა გეგიძის შეფასებით, მათი თემები, მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, “ვინაიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირები პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებრივ მდგომარეობაზე”.

გამოწვევები

გამოცემის ხელმძღვანელი რამდენიმე გამოწვევას ასახელებს, რომელთა შორისაა ფინანსური სტაბილურობა, ჰომოფობიური განწყობები და ფიზიკური უსაფრთხოება.

  • “პოლიტიკური ჰომოფობიისა თუ ძალადობის არაერთი შემთხვევის გამო, რესპონდენტების ნაწილი გრძნობს საფრთხეს, რაც ამ გარემოში ეს ლოგიკურია”.
  • “ბოლო პერიოდში ჟურნალისტები ხშირად არიან ძალადობის სამიზნეები და ამაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც არაერთხელ გაუკეთებია განცხადება. ჰომოფობიური ფონის გათვალისწინებით, ვხედავთ ამ საფრთხეებს ჩვენ მიმართაც."

"თუმცა ის საქმე, რასაც ვაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანი გვგონია და ამ რისკების გამო გაჩუმებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ და ვიქნებით მედია, რომელიც გააჟღერებს ყველა ადამიანის ხმას, ვინც იდენტობის გამო იჩაგრება” - ამბობს ღოღობერიძე.

მიზნები

გამოცემა გეგმავს, მომავალში ფოკუსი გააფართოვოს და გააშუქოს მაგალითად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებიც. “თუმცა ამისთვის აუცილებელია, ჩვენ არ ვილაპარაკოთ მათ ნაცვლად." - ამბობს ხატია ღოღობერიძე - "ვაპირებთ შევხვდეთ აქტივისტებს, ორგანიზაციებს, ცალკეულ ადამიანებს, რომლებიც თავად იქნებიან საკუთარი თემის ხმა ჩვენს პლატფორმაზე."

ჯერჯერობით გამოცემას მსგავსი გაფართოების რესურსი არ აქვს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია, მასალა ეთნიკური უმცირესობების ენებზეც გაავრცელოს. "სხვადასხვა ფონდის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან გვგონია, რომ ეს საკითხები ყველას გვეხება, ძალიან მნიშვნელოვანია და არ არსებობს დემოკრატია, სადაც ამა თუ იმ ჯგუფის უფლებები მუდმივად იზღუდება”, - გვეუბნება ხატია ღოღობერიძე.

გუნდს სურს, “აპრილი” იყონ პლატფორმა, რომელიც წაახალისებს ჯანსაღ დისკუსიას, ხელს შეუწყობს აზრების გაცვლას და საზოგადოების ცნობიერების გაზრდას. სწორედ ამის გამო, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს სთავაზობენ რომ დაწერონ მათი ბლოგის რუბრიკაში. გამოქვეყნების კრიტერიუმი კი ასეთია: ბლოგი არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას და დისკრიმინაციას.

ამ ეტაპზე მედია აპრილი სრულიად დონორების მხარდაჭერით ფუნქციონირებს. სამომავლოდ კი სურთ, ნაწილობრივ მაინც შეძლონ კომერციულ ნაწილზე მუშაობა.

“გვჯერა, საქართველოშიც გამოიძებნება ბიზნესი, რომლებსაც არსებული ჰომოფობიური ფონის მიუხედავად, მოუნდებათ თანამშრომლობა ეთიკურ მედიასთან, რომელიც მუშაობს ქალებისა და ლგბტქია+ ადამიანების უფლებებზე. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ამა თუ იმ პროდუქციას მოიხმარს ყველა, მიუხედავად მისი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. შესაბამისად, მათთვისაც საინტერესო იქნება ჩვენთან თანამშრომლობა” - ამბობს ხატია ღოღობერიძე.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ