03.11.2023
დეტალები:
- პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში სადაო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო, რასაც თემაზე მომუშავე ორგანიზაციები თავიდანვე აკრიტიკებდნენ.
- ცვლილებებლის მიხედვით, სიძულვილის ენას და ტერორიზმისკენ მოწოდების, ასევე, უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.
ნახეთ ვრცლად: რა საფრთხეს ხედავენ კანონპროექტში
რატომ მიიღო პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით
ცვლილებების დაჩქარებულად მიღების არგუმენტად მმართველ პარტიაში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას ასახელებდნენ. კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა თქვა, რომ "ვინმეს დისკომფორტი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირში ინტეგრაცია”.
ცვლილებები აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივის (AVMSD) გამო მიიღეს. “შემოქმედებითი ევროპის პროგრამის” ფარგლებში, საქართველო უნდა შეესაბამებოდეს დირექტივის კონკრეტულ დებულებებს.
რა თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამ
მათი განცხადებით, ევროკავშირის დირექტივებს არ აქვს ზუსტი წესები, თუ როგორ უნდა შესრულდეს ისინი - “ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, როგორ უნდა ასახონ დირექტივები კანონმდებლობაში. საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როცა გაფართოების გზაზეა, ის გარკვეულ პრინციპებსა და წესებს უნდა შეესაბამებოდეს”.
ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მოისმინეს მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს მარეგულირებლის დამოუკიდებლობას.
- “საქართველოს მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში ევროკომისია ყოველთვის ხაზს უსვამდა მარეგულირებლის ეფექტურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შემდგომი მუშაობის აუცილებლობას. ჩვენ გვესმის, რომ საქართველომ ასეთი სამუშაოების გაგრძელების ვალდებულება აიღო”.
- “ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება, საქართველოს გაუწიოს დახმარება”.
რაც შეეხება უხამსობას, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, “უხამსობის” ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და არ არსებობს მისი რეგულირების საჭიროება დირექტივის მიხედვით.
- “ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ დიალოგი გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან მის გამოყენებასთან დაკავშირებით”.