პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის ახალი წესის კვლევა - რა ხდება?
30.11.2023
29 ნოემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და USAID მედია პროგრამამ ერთობლივი კვლევა წარადგინეს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესებს შეეხებოდა.

კონტექსტი

2023 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც ამტკიცებდა ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მოვალეობები მოიცავს:
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
ამ და სხვა პუნქტების დარღვევა იწვევს ჟურნალისტის და გადამღები ჯგუფის აკრედიტაციის შეჩერებას 1 თვის ვადით, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი - 6 თვით.
  • წაიკითხეთ ვრცლად: "რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?"
კვლევის მიგნებები, მოკლედ:

გამოკითხულია 67 აკრედიტირებული ჟურნალისტი, კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობის თვალსაზრისით, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ჟურნალისტები ყველაზე პასიურები იყვნენ.
  • "საპარლამენტო ჟურნალისტების" 24% ამბობს, რომ ერთხელ მაინც ჰქონია აკრედიტაციის შეჩერების გამოცდილება. ამ საქმეების თითქმის ნახევარი დაკავშირებულია ჟურნალისტების "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ პროტესტთან.
  • მედიის წარმომადგენელთა 55% ამბობს, რომ პარლამენტში აკრედიტაციის ახალი წესის დამტკიცების შემდეგ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესდა, ასევე მკვეთრადაა შეცვლილი პარლამენტის წევრების ზოგადი კეთილგანწყობა და მათგან კომენტარის მიღების შესაძლებლობა.
A diagram with different colored squaresDescription automatically generated with medium confidence

რა საფრთხეა?


მედიის წარმომადგენლები პარლამენტის აკრედიტაციის ახალ წესში ცენზურისა და დეპუტატების მხრიდან კრიტიკული კითხვების არიდების საფრთხეს ხედავენ.
  • პრობლემურია მედიასაშუალებებისთვის აკრედიტირებული ჟურნალისტების რაოდენობრივი შეზღუდვა;
  • 70%-ზე მეტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლიტიკური კრიზისისას, აკრედიტაციის სისტემა, ხელისუფლებამ შესაძლოა მედიაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოს;

A graph with different colored barsDescription automatically generated with medium confidence





ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციები:

  • ქართულ საზოგადოებას არ უნდა წაერთვას უფლება, გაეცნოს არჩეული წარმომადგენლების მოსაზრებებს ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
  • აკრედიტაციის შეჩერება-გაცემის გადაწყვეტილება, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მიიღოს პარლამენტის დამოუკიდებელმა ორგანომ, რომელიც მიუკერძოებელი პირებისგან უნდა დაკომპლექტდეს.
  • აკრედიტაციის სისტემით განპირობებული შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოები გამჭვირვალეა და საჯარო ინფორმაციას დროულად გასცემენ.
  • აუცილებელია, აკრედიტაციის წესების გადახედვა მედიის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
  • მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ დასახელებული პრობლემური საკითხების შესწავლა-გაანალიზება, მათ შორის ინტერსექტორული თანამშრომლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გასაზრდელად.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ