„მაუწყებლის“ ჟურნალისტები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
15.03.2024

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტებს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

მედიის ხუთივე წარმომადგენელი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნეს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სამი ჟურნალისტი კი - 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციითაც, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ითვალისწინებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, 2024 წლის 23 იანვარს კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები მარინა ხატიაშვილისა და მისი ოჯახის გამოსახლების პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტებს: ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს, რატი რატიანს, ზაზა ქარჩილაძეს და გიორგი არობელიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ. სამართალდამცავების მხრიდან გამოიკვეთა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ერთ-ერთ მათგანს არაერთხელ წაართვეს მობილური ტელეფონი. დაზიანდა მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერიც. თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა სამკერდე ნიშანი, რომლითაც შესაძლებელი იყო მათი, როგორც ჟურნალისტების იდენტიფიცირება.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა 2024 წლის 28 თებერვალს მოითხოვა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ