საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში გაცემაზე უარის თქმის 100-ზე მეტი შემთხვევა.
ომბუდსმენს საჩივრებით ძირითადად უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები მიმართავდნენ. მათ განცხადებების ნაწილზე პასუხი კი მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც სახალხო დამცველის აპარატმა ადრესატ უწყებებს შესაბამისი კორესპონდენციითა და განმარტების მოთხოვნით მიმართა. ანგარიშის მიხედვით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საჯარო დაწესებულებების მხრიდან, არაერთ შემთხვევაში, უფლებადამცველ ორგანიზაციებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა დაუსაბუთებლად შეეზღუდათ.
საქართველოს სახალხო დამცველი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მოძველებულ კანონმდებლობასა და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის არარსებობას მიიჩნევს.
„დღემდე არ არის სავალდებულოდ აღიარებული „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია, რომლის მე-8 მუხლი ითვალისწინებს, რომ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ან სასამართლოში ან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოში და ეს პროცედურა უნდა იყოს სწრაფი და იაფი“
საანგარიშო პერიოდში ომბუდსმენს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების გამო „პუბლიკას“, „მთის ამბების“ და „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტებმაც მიმართეს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ „ქვემო ქართლის მედიას“ საჯარო ინფორმაცია მაინც არ მიაწოდა.