12.04.2024
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის,
შოთა შალელაშვილის ცოლის ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნანა ლეჟავა
იქნება. მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში
განცხადება უკვე მიღებულია.
ახალი ტელევიზია „ტვ 24“-ის ბაზაზე საცდელ მაუწყებლობას
აპრილის ბოლოს დაიწყებს.
შოთა შალელაშვილის თქმით, თითქმის, ყოველდღიურ ინფორმაციას ფლობს
და მეუღლისგან იცის, რომ ტელევიზიას სახელი არ შეეცვლება და ამ ეტაპზე
დაგეგმილი მხოლოდ სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია. ის მეუღლის
მიერ "ტვ 24"-ის ყიდვას საკუთარ პოლიტიკურ გეგმებსა და მოახლოებულ
არჩევნებს არ უკავშირებს.
„პოლიტიკურ საქმიანობას, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება და
კანონიც კრძალავს მაგრამ, ისე როგორ იქნება, რომ, ალბათ, სადღაც
ინტერვიუებში გამოვჩნდებით და რაღაც, დღეს თუ საერთოდ არ
გვაშუქებენ...ჩვენთვის დახურულია სივრცე, თუ ეს საშუალება გაჩნდება და
ეს იქნება ლამაზად და არა გადამეტებულად და არ ვიქნებით ისეთი თვალში
საცემი ყოველდღიურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, რაღაც ფორმით, ალბათ,
ჩვენც გამოვჩნდებით ტელევიზიაში“.
შალელაშვილის თქმით, ტელევიზიის მიმართ ინტერესი ოჯახს იმან
გაუჩინდა, რომ „ჩვენ ინტერესი იმიტომ გვაქვს, დახშული ვართ პრინციპში,
ჩვენ გვაქვს პრეტენზია ვიყოთ საუკეთესო პარტია“.
შალელაშვილი პირობას იძლევა, რომ „ჩემი პირადი მომსახურეობისთვის
ტელევიზია არ იქნება და არც ჩემი მეუღლის პირადი
მომსახურეობისათვის“.
„დამერწმუნეთ, სიტყვას გაძლევთ, რომ ბოროტად არ გამოვიყენებ. მე
საერთოდ ბავშვობიდან მაქვს ობიექტურობის განცდა და ვერ ვიტან აი
ზედმეტად პიარს, ზედმეტად დაუმსახურებლად გამოჩენას...ეს მე თვითონ
ადამიანურად არ მახასიათებს, ამიტომ გპირდებით, რომ ჩვენი ტელევიზია
იქნება ობიექტური, ხალხის სამსახურში და თუ ის დაკარგავს მის
დანიშნულებას, რო ის ობიექტური იყოს, ჩემი მეუღლე მიიღებს
გადაწყვეტილებას, რომ არ გააგრძელოს და ამით მორჩენა ეს“.
შოთა შალელაშვილის მეუღლის, ირა ფიჩხაძის კომპანია შპს „ნომი
ინვესთმენთსა“ და ტელე-რადიოკომპანია „ტვ 24“-ის მფლობელ ვიქტორ
მეძმარიაშვილს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 29
იანვარს გაფორმდა. ფიჩხაძემ "ტვ 24" 50 000 აშშ დოლარად
იყიდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ დრომდე ტელევიზიის
დირექტორიც ირა ფიჩხაძე იყო. ახალი გენერალური დირექტორი, ნანა ლეჟავა
კი „ტვ 24“-მდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს
უძღვებოდა.
შოთა შალელაშვილი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის
წევრი „ქართული ოცნების" დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით
გახდა. მან პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის -
„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობას გეგმავს.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადების მიღების
ბარათი:
https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=7c9JthgWNnAMXazKP2jf0K0hSzsFra5G5SVu2PhxnCO[L[9KO0S]5LknDWrYtl50