18.04.2024
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რუსული კანონის
საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას „იმედის“ თანამშრომლებისთვის
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო,
ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“
ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში
ხელის შეშლის ფაქტებზე - ჯერ არა.
“იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. სპეციალურმა
საგამოძიებო სამსახურმა „იმედის“ ჟურნალისტებიც გამოკითხა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის, ნინი
ტალახაძის განცხადებით, უწყებაში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე
სამსახურს რეაგირება ეტაპობრივად ექნება:
“ეტაპობრივად მოხდება სხვა საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარება...ერთდროულად ყველა მოქმედების ჩატარება ვერ მოხდება...ყველა
საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოახდენს
რეაგირებას...ყველა საქმეზე ახდენს რეაგირებას და სწავლობს ყველა
საქმეს, რაც შემოვიდა...“
ტელეკომპანია „იმედმა“ საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტებზე
თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება დღესაც
გამოაქვეყნა.
“რადიკალური ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ,
აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გვაქვს საფუძვლიანი
ვარაუდი, რომ ეს არის დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია „იმედის"
წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ ვერ შეძლოს და
ზღვარგადასული აგრესიის ფონზე ვერ მოახერხოს პროცესების სრულფასოვანი
გაშუქება“, - ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში.
16 აპრილს, ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის
გაშუქებისას ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“
ჟურნალისტებზე შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური
ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების
გამოძიების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაერთმა
ორგანიზაციამ მიმართა.
“აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული
ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“
ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი“, - მოხვდა
ომბუდსმენის 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველად
შედეგებშიც.