30.04.2024
სამოქალაქო საზოგადოების განცხადებით, ხალხი რუსული კანონის
წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია
ნათქვამი: „ჩვენ, ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრები და
მოქალაქეები:
● შევეწინააღმდეგებით კანონის მეორე მოსმენით მიღების
მცდელობას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ რუსული
კანონით კონსტიტუციის ღალატი და ევროკავშირზე უარის თქმა არასოდეს
იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
● მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, კვლავ შეასრულონ
საკუთარი მოვალეობა ხალხის წინაშე და კიდევ უფრო მტკიცედ იბრძოლონ
პარლამენტში რუსული კანონის წინააღმდეგ.
● მოვუწოდებთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს,
ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და საქართველოს
ევროპული გზა მნიშვნელოვანია, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ 19:00
საათზე“.
ორგანიზაციების განცხადებით, „სამოქალაქო საზოგადოება კვირების
განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი
ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში
ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი.
თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას
ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ
შეძლებდა.
ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი
ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი
აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის
ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად,
ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ
კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი
არა ყბადაღებული “გამჭვირვალობა”, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის
შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა.
დღეს ხელისუფლება ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ
ნაბიჯს დგამს და რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ განხილვას
გეგმავს“.
დღეს, 12:00 საათიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
რუსული კანონის პროექტს მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განიხილავენ.