საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House მხარს უჭერს ქართველ
ხალხს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
Freedom House გმობს მიმდინარე რეპრესიებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას და გამოთქვამს შეშფოთებას უფლებადამცველებზე, ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევების გამო.
"თუკი ამ კანონს მიიღებენ, ის მოახდენს ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სტიგმატიზებას. ის მისცემს ხელისუფლებას ახალ საშუალებას, ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმებას ან სხვაგვარად დასჯას, რომელთა მუშაობასაც არ ეთანხმება. ეს კანონი დააახლოებს საქართველოს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიცაა რუსეთსა და ყირგიზეთში - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემატურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძალისხმევას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას "ქართული ოცნების" მიმართ, რომ დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი", - ამბობს Freedom House-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ბიბინს სედაკა, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო ორგანიზაცია აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებს, რათა შეწყდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესია.
„ამ მთავრობებმა დაჟინებით უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასოს შემოთავაზებული კანონპროექტი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. "ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მანამ, სანამ მისი დასკვნა გამოქვეყნდება", - წერს ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
მასალის პირველწყარო: „ამერიკის ხმა“.