პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 4 ივნისს
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს 6 თვით
პარლამენტში მუშაობა აეკრძალა. პარლამენტის წერილში ნათქვამია,
რომ „მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე
უარის თქმისა თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და
არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა.“
პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
ჟურნალისტის აკრედიტაციის ნახევარი წლით შეჩერებას, სოფო გოზალიშვილი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლად მიიჩნევს.
„ჩემთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. წინა წლის აპრილში, როცა 1 თვით შემიზღუდეს პარლამენტში შესვლა, მაშინაც ნინო წილოსანი იყო ამის ინიციატორი და ახლაც. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში პირდაპირი ხელის შეშლა. ამ გზით ცდილობენ, აირიდონ ის დისკომფორტი, რასაც მათ პარლამენტში კრიტიკული მედია უქმნით. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს.
კადრშიც ჩანს, როცა ჩემი კოლეგები წილოსანთან დიალოგს ასრულებენ, ამის შემდეგ მხოლოდ ორ ნაბიჯს ვდგამ მასთან ერთად და შემდეგ, როცა კიბეზე ადის, მე ვრჩები იქ, სადაც ვიყავი ინტერვიუს ჩაწერერის მომენტში. არანაირ ,,დევნას" ადგილი არ ჰქონია და რაც ყველაზე საინტერესოს ხდის ამ ქეისს არის ის, რომ ეს მასალა შაბათის ფორმულას ეთერში არ გაგვიშვია,“ - აღნიშნავს ჟურნალისტი "მედიაჩეკერთან" საუბრისას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტმა კრიტიკული მედიის ჟურნალისტს აკრედიტაცია ნინო წილოსანის მიმართის საფუძველზე შეუჩერა. ორშაბათს, 3 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძესაც.
ბალანჩივაძისთვის გაგზავნილ საქართველოს პარლამენტის
აპარატის უფროსის წერილში აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად ასევე
განმარტებულია, რომ „პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე
უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას
და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.