"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოებამ" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა
პერიოდის გარემოს შესაფასებლად ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში
საუბარი მედიაგარემოზეცაა და აღნიშნულია, რომ მედიაგარემო მკვეთრად
გაუარესებულია. მკვეთრად პოლარიზებულია სოციალური მედიაც.
მედიაგარემო
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების"
შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მედიაგარემოს
მკვეთრად გაუარესება, უპირველეს ყოვლისა, „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ამ პროცესის პარალელურად
განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
„ეს კანონი უცხოეთის გავლენის გამტარის იარლიყს აკრავს იმ ობიექტურ და კრიტიკულ ონლაინმედიას, რომელიც საგრანტო დაფინანსებას დასავლელი პარტნიორებისგან მოიპოვებენ", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ISFED-ის ანგარიშში მოხვდა პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების ინდექსი, რომლის თანახმადაც, საქართველოს რეიტინგში სერიოზული უკუსვლა აქვს. საქართველოს 180 ქვეყნიდან 103-ე ადგილზეა.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დროს მედიის არაერთი წარმომადგენელი დაშავდა. გახშირდა ჟურნალისტებზე მუქარის, ფიზიკური თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტები.
„წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის ინფორმირებაში მედიის არსებითი როლის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი, ობიექტური და კრიტიკული მედიის გარეშე შეუძლებელია სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს მიეცეთ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა და დროული, მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს მედიაზე თავდასხმის ფაქტებს,“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
სოციალური მედია
ISFED-ის მონაცემებით, ბოლო საზოგადოებრივი აზრის
კვლევის შედეგების მიხედვით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც
ინფორმაციის მიღების წყაროდ სოციალურ ქსელებს ასახელებენ 73%-ს
უტოლდება. სოციალური ქსელებიდან ყველაზე მეტი მომხმარებელი ფეისბუქს
ჰყავს, თუმცა ყველაზე სწრაფად მზარდი პლატფორმა ტიკტოკია.
ანგარიშის თანახმად, სოციალური მედიის პლატფორმები, მათი მფლობელების მცდელობების მიუხედავად, ხშირად დეზინფორმაციული, შეცდომაში შემყვანი და პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების ძირითადი წყაროა.
"საარჩევნოდ სოციალურ მედიაში მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკა მომძლავრდა. დეზინფორმაციის მხრივ არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მიუთითებს ისიც, რომ ევროკომისიის მიერ ცხრა რეკომენდაციიდან პირველი, სწორედ ამ საკითხს ეხება. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, ებრძოლოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და [უცხოურ] ჩარევას. აღნიშნულ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მეტიც, მმართველი გუნდის წევრები აქტიურად არიან ჩართული ანტიდასავლურ კამპანიაში", - წერს ორგანიზაცია.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" შეფასებით, არჩევნების კონტექსტში პრობლემად რჩება ფეისბუქზე განთავსებული რეკლამები და მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის აგვისტოდან საქართველოში ფეისბუქის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Meta Ad Library) მოქმედებს, პლატფორმის მიერ დადგენილი გამჭვირვალობის სტანდარტი რეკლამების განმათავსებლების ნაწილის მიერ შესაბამისად დაცული კვლავ არ არის.
„კერძოდ, მრავლად ვხვდებით რეკლამებს, რომლებსაც განმთავსებლის შესახებ ინფორმაცია არ, ან არასრულად (რიგ შემთხვევაში, არაზუსტად) ახლავს. შესაბამისად, შეუძლებელია დადგენა თუ ვინ დგას ამა თუ იმ პოლიტიკური რეკლამის უკან. მსგავსი რეკლამები, ხშირ შემთხვევაში, დისკრედიტაციული სახისაა და სამიზნე, პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, ჟურნალისტები, აქტივისტები და სამოქალაქო ორგანიზაციებიც არიან“.
ორგანიზაცია შიდა საინფორმაციო მანიპულაციების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევად რუსული ჩარევის საფრთხეებსაც მიიჩნევს.
"საინფორმაციო სივრცის დაპყრობის მიზნით, რუსეთთან დაკავშირებული არაავთენტური კოორდინირებული ქსელები განსაკუთრებით ხშირად რეკლამირების მეთოდს მიმართავენ. „სამართლიანი არჩევნების“ გამოძიების მიხედვით, ქსელებში შემავალი გვერდები ანტიდასავლური, განსაკუთრებით ევროკავშირის საწინააღმდეგო, გზავნილების გასავრცელებლად დაუდეკლარირებელ რეკლამებს Meta-ის წესების დარღვევით, სავალდებულო ავტორიზაციის გავლის გარეშე, აქვეყნებენ. შედეგად, უცნობია ამ რეკლამებისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და წარმომავლობა."
ISFED-ის შეფასებით, არჩევნების კონტექსტში ასევე პრობლემურია სოციალურ მედიაში პოლიტიკური პარტიების სარეკლამო დანახარჯებს შორის მკვეთრი დისბალანსი. რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ფეისბუქზე რეკლამებში იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ყველა სხვა პარტია და მათი წარმომადგენლები ერთად აღებული.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს კვლავ გამოწვევად რჩება საჯარო მოხელეების ჩართულობა მმართველი პარტიის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიებში, საჯარო მოხელეების გარკვეული ნაწილი ჩართული იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდამჭერ კამპანიაში, მმართველი პარტიის ცენტრალურ და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 30 მუნიციპალიტეტის ორგანოში დასაქმებული 96 საჯარო მოსამსახურე გამოავლინა, რომლებმაც 3-4 აპრილის განმავლობაში ფეისბუქის პირად ანგარიშზე იდენტური „ქარდები” საჯარო პოსტის სახით გამოაქვეყნეს.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალური მედია პოლარიზებულია. ამასთან, საარჩევნო კამპანიის პარალელურად, გარკვეული აქტორები, მათ შორის ძირითადად ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური ქსელები პროპაგანდისტული, ჰომოფობიური, სექსისტური და სხვა სახის მადისკრედიტირებელი კამპანიების წარმოებისთვის ყველა პოპულარულ სოციალურ მედიის პლატფორმას იყენებენ. ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიღების გაადვილებასთან ერთად, ქსელები დიდ საფრთხესაც წარმოადგენენ დეზინფორმაციის გავრცელებისა და კოორდინირებული ონლაინ კამპანიების მეშვეობით საზოგადოებრივი განწყობის პოტენციური მანიპულირების მიმართულებით,“ - ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.