"დიდებული კვარაცხელია", - მსოფლიო მედია საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე
27.06.2024



გუშინ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

ევრო 2024-ზე ისტორიული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა და ის 30 ივნისს ესპანეთს დაუპირისპირდება. 

მნიშვნელოვანი გამარჯვება თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაიწყო, შემდეგ კი მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და ნაკრებს მეორე გოლი მოუტანა.

მატჩის დასრულებისთანავე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ისეთი საერთაშორისო მედიები ალაპარაკდნენ, როგორებიცაა: New York Times, Guardian, Reuters, Independent, CNN და სხვა.

New York Times-მა გუშინდელი მატჩის შესახებ სტატია შემდეგი სიტყვებით დაასათაურა: „საქართველო-2, პორტუგალია-0 - ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია“. გამოცემამ გაიხსენა საქართველოს ეროვნული ნაკრების გზაც ევრო 2024-მდე.


 

Guardian

საქართველო - პორტუგალიის მატჩს გამოეხმაურა Guardian-იც. მედიასაშუალებამ ხაზი ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესაძლებლობებს გაუსვა. გამოცემამ Მას ძლევამოსილი უწოდა.

„საქართველო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდებული ღამის შემდეგ, მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. ოქროს ბიჭებმა, კვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს გოლები, მაგრამ ყველა დანარჩენი მოთამაშე „მხეცურად“ მუშაობდა,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

 

 

Reuters-მა კი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას „ისტორიული ევროშოკი“ უწოდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოკისმომგვრელი ფაქტია, როდესაც მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოში მე-6 ადგილზე მყოფ პორტუგალიის ნაკრებს მოუგო.

Reuters-მა ამ გამარჯვებით მოპოვებული წარმატება, საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.

 

 

Independent

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს გამარჯვებას „შოკისმომგვრელი“ უწოდა Independent-მაც. გამოცემის თქმით, საქართველომ ევრო 2024-ზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შედეგი დააფიქსირა.

„აღმოსავლეთ ევროპელმა ერმა ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა და ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით F ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

საქართველო-პორტუგალიის მატჩს გამოეხმაურა CNN-იც და მას „სენსაციური მოგება“ უწოდა.

„ქვეყნის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ასპარეზობისას, საქართველომ ევრო 2024-ზე თავისი უშიშრობითა და მაღალი ინტენსივობის ფეხბურთით გულშემატკივრების გული დაიპყრო,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

 

 

საქართველო ესპანეთს 30 ივლისს დაუპირისპირდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

 

ავტორი : ბაჩანა საჯაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ