პარლამენტი „მედიაჩეკერს" აკრედიტაცია შეჩერებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აწვდის
08.07.2024



ონლაინ გამოცემა "მედიაჩეკერმა" 2024 წელს აკრედიტაცია შეჩერებულ მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ინფორმაცია, 10-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, ვერ მიიღო.

გამოცემამ საქართველოს პარლამენტისგან საჯარო ინფორმაცია 1 თვის უკან, 6 ივნისს გამოითხოვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, "საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა".

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, განმცხადებელს ეს  დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ან "საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას".

"მედიაჩეკერის" რედაქცია პარლამენტის შესაბამის სამსახურებს ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა. საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენლის ინფორმაციით, მომზადებული პასუხი ისევ ვიზირებაზეა, რაც უფლებამოსილი პირის ხელმოწერას გულისხმობს. 

მაისი-ივნისის პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნით, საპარლამენტო აკრედიტაცია „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ოთხ ჟურნალისტს შეუჩერდა.  

საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია. 

"ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები საფრთხეს უქმნის მედიასაქმიანობის ეფექტიანობასაც. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამოვლენილი გამოწვევები კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის დაწყებასა და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნის გადაუდებელ აუცილებლობაზე".  





კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ