TV24-ის დირექტორი ისევ შოთა შალელაშვილის მეუღლე გახდა
08.07.2024


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, TV24-ის დირექტორობის თანამდებობიდან ნანა ლეჟავა 6 ივლისს გათავისუფლდა და დირექტორი ისევ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, შოთა შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე გახდა. TV24-ის ამ გადაწყვეტილებას ხელს როგორც ტელევიზიის მესაკუთრის მინდობილი პირი, შალელაშვილი აწერს. ლეჟავამდე ტელეკომპანიის დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო. 

შოთა შალელაშვილი მეუღლის მინდობილი პირი 2024 წლის 11 ივნისს გახდა და მას ირა ფიჩხაძემ სხვადასხვა უფლებამოსილება მიანიჭა, მათ შორის პარტნიორთა კრებაზე ინტერესების წარმომადგენლობა, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება,  ხელმოწერა და კერძო/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან წარმომადგენლობა.  

ცნობილი რომ TV24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანა ლეჟავამ დატოვა, დღეს გახდა. ლეჟავა „ტვ 24“-მდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს უძღვებოდა. 

შოთა შალელაშვილის მეუღლემ, ირა ფიჩხაძემ „ტვ 24“ მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. სარედაქციო ბირთვს ლეჟავასთან ერთად იმედა დარსალია და ირაკლი აბსანძე წარმოადგენს. დარსალია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია, ის მანამდე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემის, "ახალი კვირის" წამყვანი იყო.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ