TI: 2023 წელს პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა
10.07.2024



„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მედიის აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახადა. 

"მე-10 მოწვევის პარლამენტმა პარლამენტის დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად ქცევის პოლიტიკის განხორციელება უკანასკნელი წლებია აქტიურად დაიწყო. 2023 წელს მედიისა და ღიაობის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა. ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა, რაც თავის მხრივ, აისახება მოსახლეობის ინფორმირების ხარისხზე და საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის".

TI-ის ანგარიშის მიხედვით, ვიზიტორს პარლამენტის აპარატის თანხმობის გარეშე ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და პარლამენტის შენობაში სადემონსტრაციო ბანერების და პოსტერების შეტანა აეკრძალა, რაც  გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაშია. 

"პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული. ახალი წესებით პარლამენტის შენობაში საშვის დაშვების პროცედურები გამკაცრდა და აუცილებელი გახდა პარლამენტში შესვლის კონკრეტული მიზნის აღრიცხვა. აღნიშნული შეზღუდვა გაუმართლებელია, ვინაიდან შეზღუდვები მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით უნდა მოქმედებდეს და თუკი ამ მიზანს არ ემუქრება საფრთხე, მოქალაქეს თავისუფლად უნდა შეეძლოს კომიტეტის სხდომებსა და პარლამენტში გამართულ ღია ღონისძიებებზე დასწრება".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს;

"პარლამენტი უნდა უზრუნველყოფდეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ჩართულობაზე საპარლამენტო საქმიანობაში და არ ახდენდეს მათი მონაწილეობისა და ჩართულობის დაბლოკვას საკანონმდებლო ცვლილებების თუ არსებული წესების დარღვევის ხარჯზე; 

პარლამენტი კანონით დადგენილ ვადებში და წესით უნდა გასცემდეს საჯარო ინფორმაციას, რაც მისივე საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ემსახურება. პარლამენტის შენობაში შესვლა დაუსაბუთებლად არ უნდა ეზღუდებოდეთ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ნეგატიურად შეაფასა სიძულვილის ენის რეგულირებაზე საკანონმდებლო ცვლილებები. 

"პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლობის შესახებ” კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სიძულვილის ენისა და უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან (როცა პროფესიული სტანდარტების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის, მედია თავად განიხილავს საჩივრებს და მათზე რეაგირების ფორმებს) რეგულირების სფეროში გადატანას. სიძულვილის ენისა და უხამსობის საკითხების განხილვის კომპეტენცია და შესაბამისი სანქციების (გაფრთხილება, დაჯარიმება, ლიცენზიის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება) დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება. არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც გამოწვევად რჩება კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და პოლიტიზირება, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობა, კომუნიკაციების კომისიისათვის მედიის დასანქცირების დამატებითი ბერკეტების და მედია პროდუქციის შინაარსში შესვლის კომპეტენციის მინიჭება რისკის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის".

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ეს ცვლილება ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სიძულვილის ენისა და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება დაშვებულია და იგი შესაძლოა,  კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებულ სადამსჯელო ბერკეტად იქცეს.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ