კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა
12.07.2024



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა. კომისია რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებელ კონკურსებს სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოაცხადებს. საერთო ან სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსები ცალ-ცალკე გამოცხადდება. 

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების კვლევა „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ ჩაატარა და კომისიამ ამ მომსახურებისთვის დღგ-ს ჩათვლით 46 550 ლარი გადაიხადა. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2023 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 14 სამაუწყებლო ზონის მასშტაბით, 4258-მა რესპონდენტმა მიიღო. 

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების კვლევის შედეგებით, რადიოს მოსმენის მიზნობრიობის სამი ძირითადი მიმართულება: განტვირთვა-გართობა (მუსიკის მოსმენა, ყოველდღიური საზრუნავისგან დისტანცირება და სხვ.), ახალი ამბების/ცნობების მიღება და შემეცნება გამოვლინდა. ქართულ რადიოსივრცეში იდენტიფიცირებული საჭიროებები კი გადაცემების შინაარსსა და ფორმატს და რადიოს ხელმისაწვდომობის ტექნიკურ მხარეს ეხება.

 


რადიოს შერჩევის კრიტერიუმებში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად მუსიკა და საინფორმაციო გადაცემები დასახელდა. რესპონდენტები ყველაზე ხშირად, სწორედ მუსიკასა და ახალ ამბებს უსმენენ. პოპულარულია სპორტული (14%) და სამედიცინო (11%) შინაარსის გადაცემებიც. 

 

კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპოდენტების უმრავლესობის (57%) აზრით, ყველაზე მოთხოვნადი რადიომაუწყებლის ტიპი, რომლის დამატების საჭიროებაც არსებობს, საერთო რადიოა, გამოკითხულთა 22% კი მიიჩნევს, რომ სპეციალიზებული რადიოს დამატებაც საჭიროა.

გამოკითხულთა 91% თვლის, რომ რადიოები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მაუწყებლობდნენ, მათი 6% კი რეგიონულ რადიოს ემხრობა.

„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის" მე-4 მუხლის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია ლიცენზიის მაძიებლებისათვის რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე 2 წელიწადში ერთხელ  განსაზღვრავს და აქვეყნებს.  

დანართი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის მიღება-ჩაბარების აქტი.



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ