ქარტია ინგა გრიგოლიას სოლიდარობას უცხადებს
18.07.2024


"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას სოლიდარობას უცხადებს და მის დაცვას ითხოვს. 

გრიგოლიამ გუშინ, 17 ივლისს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მამაკაცი, რომელიც მას ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდა და დაჭერის შემდეგ ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოათავსეს, თავისუფალია. 

"მეორე დღეა, ისევ დაიწყო ზარები და სმსების გამოგზავნა და ჰოი საოცრებავ, აღმოვაჩინე , რომ გამოუშვიათ და ის მომენტალურად დაუბრუნდა ჩემზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებას( რა უცნაურია, რომ მაინცდამაინც ამ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა ,ისევე როგორც ადრე,მისი  განსაკუთრებული  შემოტევები ემთხვეოდა ხოლმე კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებს..ხო, ყაჩაღობაზეა ნასამართლევი და რეციდივისტია, კოშმარი კაცია ვიღაც).

მთავარი ამბავი ისაა, რომ ავადმყოფი კაცი, რომელიც სიცოცხლის  მოსპობით მემუქრებოდა, ისე გამოუშვეს , ძალადობის მსხვერპლმა ანუ მე , არ ვიცოდი, არავინ შემატყობინა…მოკლედ, ყველაფერი ახლიდან  დაიწყო..

ახლა  რატომ ვწერ- დღეიდან თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, თუ რამე შემემთხვევა, პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს!  სისტემა იქნება დღეიდან პასუხისმგებელი ყველაფერზე,რაც  შეიძლება შემემთხვეს!!! სისტემა, რომელიც ძაღლად არ აგდებს ძალადობის მსხვერპლს,გააფრთხილოს, რომ საფრთხე ისევ რეალურია.

ძალადობის გამო რომ ქალებს პანტაპუნტით ხოცავენ, იმ ქვეყანაში, შესაბამისი სტრუქტურები ანგარიშვალდებულებასაც კი ვერ გრძნობენ, ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩააყენონ საქმის კურსში, რომ მოძალადე გაათავისუფლეს!!!

არც ერთი წამით არ დავიჯერებ, რომ შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა…

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა შესაბამის სტრუქტურას- იმოქმედეთ დაუყონებლივ ! აღკვეთეთ მოძალადის ტერორი( პირადად მოწერას ასე ვარჩიე, საჯაროობა ამ დროს ყველაზე სწორი მგონია)".

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებით, სახელმწიფო უწყებები იმ საფრთხეებს, რომელიც საჯარო სივრცეში აქტიურ ქალებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ემუქრება კარგად უნდა აცნობიერებდნენ. 

"სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, საპოლიციო ძალებმა და საგამოძიებო ორგანოებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოძალადეების დროულად გამოსავლენად და მთელი სიმკაცრით დასასჯელად. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო საცხოვრებლად და პროფესიული რეალიზაციისთვის და მათთვის ამ გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა".

ქარტია გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისაკენ მოუწოდებს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ