„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
05.08.2024


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვი საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვას საქართველოდან”, – აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

აფგან სადიგოვის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საექსტრადიციო პატიმრობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ნოზაძის განმარტებით, მათ ამისთვის 7-დღიანი ვადა აქვთ. 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა გუშინ შეეფარდა. სადიგოვი 3 აგვისტოს შემდგომი ექსტრადირების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმდააკავა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აფგან სადიგოვის დაკავებას გმობს  და საქართველოს ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და  ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი".

ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, რომელიც 16 უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს.

„გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის კრიტიკული აზრის დაცვა, ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან  რეპრესიებისგან თავის დასაღწევად.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი პატიმრობიდან და უზრუნველყოს ჟურნალისტის უფლებების დაცვა, მათ შორის, მისი სურვილის შემთხვევაში, მესამე უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრება. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ არ დააკანონოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ჟურნალისტის დაკავებას ექსტრადიციის მოტივით. მსგავსი გადაწყვეტილება ხელყოფს ადამიანის უფლებებს და აღქმული იქნება პროფესიულ საქმიანობის გამო ჟურნალისტის დასჯის ლეგიტიმაციად“.

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, ექსტრადიციის პროცედურები გაგრძელდება და ის, დიდი ალბათობით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემით დასრულდება. ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

„საქართველოს მიერ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა იქნება კიდევ ერთი დიდი სირცხვილი და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა.

ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს:

• სახეზეა თუ არა დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს;
• დანაშაული, რომლისთვისაც პირის ექსტრადირებას ითხოვენ, წარმოადგენს თუ არა პოლიტიკურ დანაშაულს;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს [...] პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო;
• არსებობს თუ არა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან;
• ექსტრადირების შემთხვევაში, ექნება თუ არა პირს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;
• დიპლომატიური გარანტიები ამართლებს თუ არა ექსტრადირებას.

აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს“.

დაკავებამდე, 18 ივლისს, აფგან სადიგოვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ