ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას POSTV-ის
საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო
შეუფარდა. შემდეგი წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება.
დაცვის მხარე ითხოვდა, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების არცერთი
სახე არ გამოეყენებინა.
გუგუჩიას ადვოკატის, რევაზ მიქაიას განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომელიმე აღკვეთი ღონისძიების სახისთვის შეიძლებოდა გამოყენებულიყო.
გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გუშინ, 5 აგვისტოს წარუდგინა, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გულისხმობს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
28 მაისს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის შენობიდან მომავალ დეპუტატებს გზად ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს „ხალხის ძალის“ წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, ახლოს მდებარე მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.
მეორე დღეს, 29 მაისს ჯაფარიძე ამ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მივიდა, თუმცა, ვიტალი გეგუჩიამ და მირანდა ჯობავამ დეპუტატს უთხრეს, რომ ბოდიში არა ფორთოხლის, არამედ მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი. 31 მაისს კი, POSTV-ის გადამღები ჯგუფი სამეგრელოში წასულ ოჯახთან მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მალევე, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიტალი გუგუჩია POSTV-ის პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. ტელეკომპანიას „ხალხის ძალის“ მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.