Amnesty International-ი მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს თბილისში
დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ექსტრადირების
პროცედურები. საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო სამართლის წინაშე
საქართველოს ვალდებულებაზე მიუთითებს. ამის შესახებ აღმოსავლეთ
ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორის
მოადგილემ, დენის კრივოშეევმა Ekho Kavkaza-თან საუბრისას
განაცხადა.
Amnesty International-ი ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მთავრობის სხვა კრიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც გამოხატვის თავისუფლების უფლებების გამოყენებისთვისაა დაპატიმრებული.
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირებით ის ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აღმოჩნდება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმაც“.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვას საქართველოდან”, – აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
აფგან სადიგოვის დაკავებას გამოეხმაურნენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა 4
აგვისტოს შეეფარდა.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის
აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023
წლიდან ცხოვრობს.